Corriere dello Sport: ამის გამო კვარამ სტადიო ოლიმპიკოს აპლოდისმენტები დაიმსახურა
იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტუმრად „რომა“ მინიმალური სხვაობით, 0:1 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე, ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.
რაც შეეხება ხვიჩას, ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა და თავი ჩვეული დრიბლინგებით, ცრუ მოძრაობებით და საკვანძო პასებით დაგვამახსოვრა.
Corriere dello Sport-მა ერთ-ერთ ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება. 30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ შეტევას იწყებდა, როცა მოედნის ცენტრში ტრავმირებული პელეგრინი დაინახა. შედეგად, ქართველმა ფეხბურთელმა შეტევა შეაჩერა და ბურთი აუტზე გადააგდო, რითაც „სტადიო ოლიმპიკოზე“ შეკრებილი პუბლიკის აპლოდისმენტები დაიმსახურა.
„რომას“ დამარცხებით, „ნაპოლიმ“ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ერთად ზედიზედ მე-11 გამარჯვება იზეიმა. ამასთან, სპალეტის გუნდმა „ატალანტას“ მარცხითაც ისარგებლა და ახლა უკვე მეორეადგილოსან „მილანს“ უსწრებს 3 ქულით.
ნეაპოლიტანელებს მომდევნო შეხვედრა 26 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „რეინჯერსის“ წინააღმდეგ ელით. ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრა საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.