რომა v ნაპოლი - რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ
იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტუმრად „რომა“ მინიმალური სხვაობით, 0:1 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე, ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.
რაც შეეხება ხვიჩას, ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა და თავი ჩვეული დრიბლინგებით, ცრუ მოძრაობებით და საკვანძო პასებით დაგვამახსოვრა.
ხვიჩას მომენტები რომასთან:
შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილმა ანალიტიკურმა პორტალმა, SofaScore-მა ფეხბურთელების შეფასებები გამოაქვეყნა, სადაც კვარას სოლიდური ქულა ერგო. პორტალის ვერსიით, ხვიჩა 6.7 ქულით არის შეფასებული, რაც დანარჩენ შეფასებებთან შედარებით საშუალოდ შეიძლება ჩაითვალოს. გოლის ავტორს, ვიქტორ ოსიმენს 7.3 ქულა ერგო, საუკეთესო მოთამაშედ კი 7.5 ქულით „ნაპოლის“ მცველი, ჟუან ჟეზუში არის მიჩნეული.
„რომას“ დამარცხებით, „ნაპოლიმ“ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ერთად ზედიზედ მე-11 გამარჯვება იზეიმა. ამასთან, სპალეტის გუნდმა „ატალანტას“ მარცხითაც ისარგებლა და ახლა უკვე მეორეადგილოსან „მილანს“ უსწრებს 3 ქულით.
ნეაპოლიტანელებს მომდევნო შეხვედრა 26 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „რეინჯერსის“ წინააღმდეგ ელით. ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრა საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.