ნაპოლიმ რომას მძიმე მატჩი მოუგო - კვარამ სრულად ითამაშა
Aa
Aa

ნაპოლიმ რომას მძიმე მატჩი მოუგო - კვარამ სრულად ითამაშა

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტადიო ოლიმპიკოზე „რომას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 0:1 გაიმარჯვა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ამ დროის განმავლობაში კვარა ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მართალია, ქართველ ფეხბურთელს არც შედეგიანი გადაცემა გაუკეთებია და გოლიც არ გაუტანია, მაგრამ მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა, ასრულებდა ჩვეულ დრიბლინგებს, ცრუ მოძრაობებს და საკვანძო პასებს, რომელიც საბოლოოდ სახიფათო მომენტებით სრულდებოდა.

კვარას მომენტები რომასთან:

რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, ის საკმაოდ დაძაბული და შეიძლება ითქვას, რომ მძიმეც გამოდგა. საგოლე მომენტები როგორც სპალეტის, ისე მოურინიოს გუნდსაც ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ, უფრო ძლიერი ნეაპოლიტანური გუნდი აღმოჩნდა.

ერთადერთი გოლი მატჩის მე-80 წუთზე ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, რომელმაც მატეო პოლიტანოს საბრძოლო პასის შემდეგ, კრის სმოლინგთან პაექრობის მომენტში დასარტყმელი სივრცე გამოითავისუფლა და ეფექტური გოლიც გამოუვიდა.

შედეგად, „ნაპოლიმ“ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ერთად ზედიზედ მე-11 გამარჯვება იზეიმა. ამასთან, სპალეტის გუნდმა „ატალანტას“ მარცხითაც ისარგებლა და ახლა უკვე მეორეადგილოსან „მილანს“ უსწრებს 3 ქულით.

ნეაპოლიტანელებს მომდევნო შეხვედრა 26 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „რეინჯერსის“ წინააღმდეგ ელით. ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრა საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“გოლი უნდა გამეტანა და სროლის ხმა გავიგე“ - მე რაფინია ვარ
“გოლი უნდა გამეტანა და სროლის ხმა გავიგე“ - მე რაფინია ვარ