კრისტალბეთ ეროვნული ლიგა: სამგურალის ქამბექი და გამარჯვება ბოლო წამებზე
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 31-ე ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა. წყალტუბოში, ადგილობრივმა „სამგურალმა“ ერთ-ერთ აუთსაიდერ, ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 2:1 დაამარცხა.
ანგარიში 31-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. კუთხურიდან დავით ზურაბიანის ჩაწოდებულს საჯარიმოში ზუსტად ლუკა ასათიანი დახვდა და „სიონი“ დააწინაურა.
მეორე ნახევარში წყალტუბოელებმა აქტიურად შეასრულეს და „სამგურალს“ გმირად კვლავ ირაკლი რუხაძე მოევლინა, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო დუბლის შესრულება. 25 წლის ნახევარმცველმა ჯერ 68-ე წუთზე გაათანაბრა, რომელმაც ახვლედიანის პასით ფაქტობრივად ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი, მატჩის მიწურულს კი ჯეფერსონ ჯერალდოს მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა ზუსტად და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
ამ გამარჯვებით, „სამგურალმა“ სატურნირო ცხრილში „დილასთან“ უპირატესობა 5-ქულამდე გაზარდა და დიდი შანსია, რომ გათამაშება სამეულში დაასრულოს. ამ დროისთვის, გიორგი მიქაძის გუნდი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 51 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან. რაც შეეხება „სიონს“, ბოლნისელები 30 ქულით მე-8 პოზიციაზე, პლეი-აუტის ზონაში არიან.