ბარსელონა, ლიდსი, რაფინია, ნიკას ბლოგები
Aa Aa

“გოლი უნდა გამეტანა და სროლის ხმა გავიგე“ - მე რაფინია ვარ

 მსოფლიო ფეხბურთში ყოველთვის არსებობდნენ გამორჩეული მოთამაშეები. გამორჩეული, როგორც სათამაშო სტილით, ასევე ხასიათით და ცხოვრებისეული ისტორიებით.

გამონაკლისი არც კატალონიის „ბარსელონას“ ახალი ფეხბურთელი რაფინიაა. ბრაზილიელ შემტევს თქვენთვის რამდენიმე ამბავი აქვს.

სიკვდილით მემუქრებოდნენ

„ეს ბევრჯერ მომხდარა. გასვლით თამაშზე, გასახდელში ვიყავით რა დროსაც ბრბომ კარზე დააკაკუნა. დაკაკუნებას ახლა ვამბობ.. მაშინ ისინი კარის შემომტვრევას ცდილობდნენ. გვიყვიროდნენ და გვემუქრებოდნენ..

„თუ ამ თამაშს მოიგებთ, მოგკლავთ“

„აქედან ცოცხალი ვეღარ გახვალთ“

ეს ყველაფერი „ვარჟეას“ ცნობილ ტურნირზე მოხდა..

„ვარჟეას“ შესახებ რამის ახსნა გამიჭირდება. ბრაზილიელებმა ეს კარგად იციან. ყველაფერს რომ მიხვდეთ, ამ ტურნირზე უნდა ითამაშოთ. აქ ტოპ კლუბები გამოდიან და ყველა ბავშვს სურს აკადემიის ნებისმიერ კლუბთან პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება. თუ ასე მოხდება ეს იმას ნიშნავს, რომ ხელფასი გექნება და შენს ოჯახს დაეხმარები.

ეს მართლაც ველური დასავლეთია.. ეს ადგილობრივი საზოგადოების მიერ ორგანიზებულ დამოუკიდებელი მატჩებისა და ტურნირების ქსელს ჰგავს. დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე აკადემიებში. ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია უბრალოდ გამოვიდეს, კონტრაქტიც კი არ გჭირდებათ. თიხაზე თამაშობ. მტვერი, ქვიშა და საშინელი სიცხე.. ვიღაცას სახლიდან ბურთი მოაქვს.. ხშირად კარის ბადეებიც არ გვქონდა..

ერთი გუნდი მაისურების გარეშე თამაშობს. მათ კი უარყოფით ფეხბურთელებს ვეძახდით. ისინი ბრაზით და გადარჩენისთვის თამაშობდნენ. ისე თამაშობდნენ, თითქოს ის მატჩები მათი ცხოვრების გადარჩენისთვის იყო.

საბედნიეროდ, სიკვდილით მუქარა უბრალოდ მუქარა იყო. ეს ადამიანები ჩვენს დათრგუნვას ცდილობდნენ და მეტს არაფერს. მაგრამ ხშირად ნახავდით ადამიანებს, რომლებიც იარაღით ხელში სტადიონის გარშემო დასეირნობდნენ. იყო მომენტი, როდესაც გოლი უნდა გამეტანა და ამ დროს სროლის ხმა გავიგე.. ნება მომეცით გითხრათ, ამ ფაქტმა შესაძლოა სული გაგიყინოს და ფიზიკურად გაგაშეშოს..

ბევრ ინტერვიუში მითქვამს და ახლაც ვიტყვი. თუ თქვენ „ვარჟეას“ ტურნირზე გითამაშიათ, მაშინ აბსოლუტურად ყველგან ითამაშებთ..

ჩემპიონთა ლიგის ფინალი? არ აქვს მნიშვნელობა. ფიზიკურად ვერ ინერვიულებ..

სტადიონი, რომელზეც 90 000 გულშემატკივარი იმყოფება? ზეწოლას ვერც ეს მოახდენს.

მე ახლაც ვამაყობ, რომ „ვარჟეას“ ბევრ ტურნირზე მითამაშია. გულწრფელად რომ გითხრათ, მიყვარდა კიდეც.. იმ თამაშებმა გამზარდეს.. დღემდე, ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ მსურს, რომ ვიღაცამ შემაშინოს და ბიძგი მომცეს..“

ორი ოჯახი

„მე ორი ოჯახი მყავს. ერთი სახლში, ხოლო მეორე ქუჩაში. როდესაც იზრდები ისეთ ადგილზე, როგორიც რესტინგაა, რომელიც ფაველა პორტო ალეგრიში მდებარეობს, დამოუკიდებლობას სწავლობ. სამეგობრო წრე მეორე ოჯახი ხდება. აანალიზებ, რომ დადგება დრო, როდესაც შენ მათი დახმარება დაგჭირდება და ასევე მათაც დასჭირდებათ შენი დახმარება..

მე არ ვსაუბრობ ერთმანეთის სიკვდილისგან გადარჩენაზე ან ნარკო კარტელებისგან თავის დაცვაზე.. ეს უბრალოდ წვრილმანებია. რესტინგა ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს. ზოგიერთი მატჩისთვის დილას ადრე უნდა გასულიყავი, ხოლო სახლში გვიან ღამით დაბრუნებულიყავი. ასეთ დროს, თუ შენ მეგობარს რაიმე საკვები აქვს წამოღებული უარი არ უნდა თქვა, რადგან სხვანაირად სახლში დაბრუნებამდე ვერ გაძლებ..

იყო მომენტები, როდესაც მგზავრობის ფული არ მქონდა და ტირილს ვიწყებდი. ფეხბურთის თამაში ყველაფერს მერჩივნა. ხშირად მეგობრის დედას დავყავდი, რომელსაც ავტობუსის თვიური აბონიმენტი ჰქონდა ნაყიდი.. ეს კი ძალიან მაბედნიერებდა..

როდესაც საკვები არცერთ ჩვენგანს არ ჰქონდა, ქუჩაში უცნობებს ვთხოვდით. ძალიან სასოწარკვეთილი უნდა იყო, რომ ეს გააკეთო, მაგრამ ჩვენ უკიდურესად მშივრები ვიყავით.. პრობლემა ის იყო, რომ ხალხს ჩვენი ეშინოდა. დაფიქრდით, ახლახან ვითამაშეთ ფეხბურთი, ბინძური და ოფლიანები ვართ.. შესაძლოა რამდენიმეს შრამი და სისხლჩაქცევაც ჰქონდეს.. მათ ეგონათ, რომ მათი გაძარცვა გვინდოდა, გესმით?..

ეს სევდიანი მომენტები იყო, რადგან ჩვენ მხოლოდ პურის ერთი ნაჭერი გვინდოდა და სხვა არაფერი..

გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ასე მოქცევა იშვიათად მიწევდა, რადგან ჩემი ოჯახი ბევრს მუშაობდა და საჭმელი თითქმის სულ გვქონდა, მაგრამ მდიდრები არასდროს ვყოფილვართ. ჩვენი სახლი იმდენად პატარა იყო, რომ საძინებელში მე დედა, მამა და ჩემი უმცროსი ძმა ვიწექით. ასევე კატა და ძაღლი გვყავდა.. მადლობა ღმერთს, რომ შინაური ცხოველები გვყავდა. ისინი ძალიან მახალისებდნენ..”

7 წლის, რონალდინიოს დაბადების დღეზე მოვხვდი

„მამაჩემი „სამბას“ ჯგუფში მუსიკოსი იყო და რონალდინიოს დაბადების დღეზე უკრავდა. მე სწორედ ასე აღმოვჩნდი იქ..

რონალდინიო იმ საზოგადოებაში დაიბადა, რომელშიც მე გავიზარდე. ასე რომ, მამაჩემი და ბიძაჩემი მას იცნობდნენ. ყოველთვის მინდოდა მისთვის მიმებაძა. ის მინდორზე ყოველთვის იღიმოდა და დიდ სიამოვნებას იღებდა..

ეს ის პერიოდია, როდესაც „ბარსელონაში“ ახალი გადასული იყო. მახსოვს, სახლის შესასვლელთან ყველას პირადად ხვდებოდა, უღიმოდა და ეხუტებოდა. როდესაც დამინახა, ხელში ამიყვანა და ჩემთან ერთად გაისეირნა. გავიყინე, არ ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა, მაგრამ მას ისეთი ხიბლი ჰქონდა, რომ ყველაზე გაყინულ ბავშვსაც კი გაათბობდა. რონალდინიო ყველას კარგად ექცევა, პატარებსაც კი..

დარწმუნებული ვარ, ეს სხვისი საუკეთესო დაბადების დღე იყო, რომელზეც მე მივსულვარ..

ამის შემდეგ, რონალდინიოს კიდევ ბევრჯერ შევხვდი და ვამაყობ, რომ მას შემიძლია ჩემი მეგობარი დავუძახო.. ახლა უფრო მეტად ვარ ვარსკვლავებით შეპყრობილი, ვიდრე ბავშვობაში. არარეალურია იმ ბიჭთან ურთიერთობა, რომელსაც ადრე Youtube-ის ან ტელევიზორის საშუალებით უყურებდი.. ის ამბობს, რომ ჩემს თამაშებს უყურებს და აღფრთოვანებულია.. რა პასუხი უნდა გქონდეს ამაზე? უბრალოდ უნდა იამაყო..“

ნარკოტიკების სამყაროს გავექეცი

„იღბლიანი ვიყავი, მაგრამ 17 წლის ასაკში კვლავ „ვარჟეას“ ტურნირებზე ვთამაშობდი. მგზავრობაში იმაზე მეტ ფულს ვხარჯავდი, ვიდრე ჩემს ოჯახს შეეძლო. ჩემი მიზანი აკადემიიდან ანაზღაურების მიღება და ოჯახის დახმარება იყო. საბოლოოდ ასე არ მოხდა და ფულის შოვნის სხვა გეგმები დავსახე.. ნარკოტიკების ბიზნესში ამოვყავი თავი, მაგრამ ოჯახმა გადამარჩინა..

სამყაროში მშვიდობა არ არსებობს. ამის გასაგებად საკმაოდ ბევრი მეგობარი დავკარგე. დღეს ცოცხალი ხარ, ხვალ მკვდარი..

ჩემმა მშობლებმა ეს კარგად იცოდნენ.. იყო შემთხვევები სხვადასხვა ოჯახებში, როდესაც ადამიანებმა ეს გზა გაიარეს და კარგად არ დასრულდა. გამიმართლა, რომ მყავდა ოჯახი, რომელსაც ჩემთვის რჩევის მოცემა შეეძლო.“

შემეძლო დალაქი ვყოფილიყავი

„დაცემამდე ბევრ დარტყმას იღებ.. როდესაც 18 წლის ვიყავი, სხვადასხვა აკადემიებმა იმდენი უარი მითხრეს, რომ ბოლოს თვლა ამერია. ყველგან ერთი და იგივე ხდებოდა.. 2-კვირიანი საცდელი ვარჯიშები და შემდეგ უარი..

„რაფინია ძალიან პატარაა“

„რაფინია ძალიან სუსტია“

„რაფინიას ძალა არ აქვს“

სულ ასეთი მიზეზები მესმოდა..

სანამ 19 წლის გავხდებოდი, „ავაის“ 20-წლამდე გუნდში ვვარჯიშობდი. ეს აკადემია ტერიტორიულად პორტო ალეგრედან ჩრდილოეთით 6 საათის სავალზე მდებარეობდა. კონტრაქტის გაფორმების მცდელობაში, სახლიდან მოშორებით ამდენი დრო არასდროს გამიტარებია. სამწუხაროდ, ტრავმა მივიღე და როდესაც გამოვჯანმრთელდი გუნდში არ ამიყვანეს.

ასე ვბრუნდებოდი „ვარჟეას“ საზოგადოებაში, რადგან იქაურობა ჩემი სახლი იყო.. იქ კარგად ვთამაშობდი და არავინ მეუბნებოდა, რომ სუსტი ან პატარა ვიყავი. სინამდვილეში, ხშირად გამიგია, რომ თუ რაიმე მართლა ძალიან მინდოდა, აუცილებლად გამომივიდოდა..

მაგრამ „ავაიში“ გავტყდი..

მშობლებს დავურეკე და ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი საკმარისი იყო, სახლში ვბრუნდებოდი.. მე დავასრულე..

მამაჩემმა თქვა, რომ თანახმა იყო.. დედაც..

მაგრამ დედამ დაამატა: „თუ შენს ოცნებაზე უარს იტყვი, სამსახურის ძებნა მოგიწევს..“

საქმე ის იყო, რომ შვიდი წლის ასაკიდან მინდოდა ფეხბურთელობა, ამიტომ სკოლა არ დამიმთავრებია. რაც იმას ნიშნავდა, რომ ნორმალურ სამსახურს ვერ ვიპოვიდი. ადგილს ალბათ სუპერ მარკეტში ან სალონში ვნახავდი.. ყველაზე კარგ შემთხვევაში დალაქი ვიქნებოდი..

კარგად ვიცოდი, როგორი იყო ასეთი ცხოვრება, რადგან დედაჩემმა უამრავი სამსახური შეიცვალა. ის ხან მიმტანი იყო, ხან დალაქი, ხან გამყიდველი, ხან მოლარე.. საბოლოოდ მან დიპლომის ასაღებად ფული შეაგროვა და იმის კეთება დაიწყო, რაც უყვარდა. დედა ბავშვებს ასწავლიდა, რომლებსაც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდათ..

ის არასდროს დანებებულა, გესმით?

ამიტომ მან ეს ყველაფერი ამიხსნა. დედამ თქვა, რომ სადღაც აუცილებლად ვითამაშებდი და ყველა მძიმე მომენტი გაქრა.. მითხრა, რომ ამ წარუმატებლობის გამო ჩემი ოცნება დამავიწყდა და გული ახლიდან აძგერდა..“

ბიძაჩემი

„ბიძაჩემმა იმდენი მოახერხა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, მაგრამ მეგობრების და ოჯახის მონატრების გამო ყველაფერი მიატოვა. ამის გაკეთებას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, მაგრამ მისი კარგად მესმის. ხალხი ფიქრობს, რომ ჩვენ მხოლოდ შაბათ-კვირას 90 წუთი ფეხბურთის სათამაშოდ ვცხოვრობთ, მაგრამ ასე არ არის.. ჩვენც ადამიანები ვართ და ოჯახის წევრები გვენატრებიან..

წარმატების საფასური საკმაოდ მძიმეა. როდესაც, ჩემსავით შორიდან მოდიხარ, ვერ ხედავ, თუ როგორ იზრდებიან შენი მეგობრები.. ვერ ნახულობთ მათ შვილებს. როცა ბებია და ბაბუა ავად ხდებიან, მათ გვერდით ფიზიკურად ვერ იქნები. მას შემდეგ, რაც ფაველადან წამოვედი, ბევრი მეგობარი დავკარგე. ზოგი ციხეშია, ზოგი მკვდარია.. ერთმანეთს კი არასდროს დავმშვიდობებივართ..“

ჩემი უფროსი ძმა ბრუნო ფერნანდეში

„ყოველ შემთხვევაში მე ასე ვხედავ.. ჩვენი მეგობრობა იქამდე დაიწყო, სანამ „სპორტინგში“ თანაგუნდელები გავხდებოდით. როგორც კი გაიგო, რომ იქ მივდიოდი მომწერა, რომ ჩემთან ერთად თამაშს გულმოდგინედ ელოდებოდა. ახალ კლუბში საკმაოდ დაბნეული მივდიოდი. არავის ვიცნობდი.. ბრუნო კი სწრაფად ადაპტაციაში ძალიან დამეხმარა..

ფერნანდეში ყველაფერში დამეხმარა. ერთად ვვარჯიშობდით, ერთად ვიკვებებოდით, ერთად გვეძინა, ერთად ვატარებდით თავისუფალ დროს.. როდესაც „ლიდსში“ მივფრინავდი მან მომწერა, რომ ჩემი სტილი პრემიერ ლიგას ადვილად მოერგებოდა.. ის მართალი იყო..

ბრუნოსთან ერთად ყოფნა, მისი ქცევების გამო უბრალოდ შთაგონების წყაროა.. არასდროს მინახავს მისნაირი მშრომელი ფეხბურთელი. რაც მან გააკეთა, დამიჯერეთ ძალიან რთულია..

მინდა ბრუნოს ვუთხრა, რომ, როდესაც ერთმანეთის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, აუცილებლად მოვატყუებ და ხალხის წინაშე შევარცხვენ. ჩვენ ყოველთვის გვიყვარდა ერთად ხუმრობა..

მალე შევხვდებით ძმაო მოედანზე, გირჩევ ფეხები კარგად შეატყუპო, რომ ბურთი არ გაგიძვრინო..“

ტიერი ანრის გოლები

„ბავშვობაში ანრის თამაშებს მამაჩემთან ერთად უფასო არხებზე ვუყურებდი. ის დაფრინავდა.. სირბილი, შესრულება.. ეს ნამდვილი სიგიჟე იყო.. ისიც მახსოვს, რომ სტადიონები ყოველთვის სავსე იყო.. სიმღერები, შეძახილები, ხმაური.. დეტალები არ მახსოვს, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ რესტინგაში ერთ-ერთ საღამოს დანგრეულ ბარში ვიჯექი და ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ პრემიერ ლიგაში აუცილებლად ვითამაშებდი..“

პირველი შეხვედრა ბიელსასთან

„ეს კაცი არსაიდან გამოჩნდა. პირველ ვარჯიშზე დააგვიანა და მე განმარტოებით ვვარჯიშობდი. უცებ უკნიდან ვიღაც მოვიდა და ზურგში ჩამარტყა. ეს მარსელო ბიელსა იყო..

სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი.. ბევრისგან გამიგია, რომ ბიელსასთან მუშაობა ნამდვილი პატივი იყო.. მაგრამ იცით? მარსელო ყველაზე თავმდაბალი მწვრთნელია.. მან მაშინვე დამამშვიდა. მომესალმა და მითხრა, რომ აქ ჩემს დასახმარებლად იყო. პირველი რამდენიმე თვე ჩემთან ინდივიდუალურად ძალიან ბევრს მუშაობდა. მიხსნიდა კონკრეტულ სიტუაციებში როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ცხოვრების ბოლომდე მისი მადლიერი ვიქნები..

სხვათა შორის ბიელსა ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის. არ აქვს მნიშვნელობა ვინ სად ვთამაშობთ ან ვის ვეთამაშებით. ჩვენ არასდროს ვიცვლებოდით და მიზანი მხოლოდ ერთი იყო - გამარჯვება.“

ფეხის დაკარგვის შიში

„გახსოვთ ფერნანდინიომ გასული სეზონის ბოლოს რა გამიკეთა? ბარძაყში ძლიერად ჩამარტყა.. მე ჯერ კიდევ მიჩვეული ვიყავი „ვარჟეას“ ტურნირზე მოთამაშე უხეშ ფეხბურთელებს, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო..

ძალიან ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ ბიელსას ვუთხარი: „არ ინერვიულო, ორ სამ დღეში კარგად ვიქნები“

მაგრამ, როდესაც სახლში დავბრუნდი და სახვევი მოვიხსენი დავინახე, რომ მარცხენა ფეხი მარჯვენაზე ორჯერ სქელი იყო. არტერიული წნევა დამივარდა.. ექიმს დავურეკე, რომელმაც საავადმყოფოში წამიყვანა. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ანესთეზია დამჭირდა. სიარული არ შემეძლო.. მანქანაშიც ვერ ვჯდებოდი..

როგორც აღმოჩნდა, შინაგანი ჰემატომა მქონდა.. ექიმებმა მითხრეს, რომ ოპერაცია მჭირდებოდა.. სისხლი უნდა ამოეღოთ.. აქამდე ოპერაცია არასდროს მქონდა გაკეთებული..

მათ ასევე თქვეს, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოვტოვებდი, თუმცა ხანდახან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფეხს დავკარგავდი. მედიკოსებს ეშინოდათ, რომ თრომბიც აღმომაჩნდებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს ასე არ მოხდა..

მაგრამ შემდეგ ტკივილი დაბრუნდა..

ფეხიდან დამატებითი სისხლის ამოღება დამჭირდა. თითქმის 100 მილილიტრი ამომიღეს.. საშინელი ტკივილი განვიცადე, მაგრამ უფრო საშინელი დარჩენილი მატჩების გამოტოვება იყო..

„ლივერპული“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ბრაიტონი“, „ტოტენჰემი“..

მიუხედავად ამისა, მიზანი დავისახე.. სეზონის ბოლო მატჩში აუცილებლად უნდა მეთამაშა, სადაც „ელანდ როუდზე“ გულშემატკივრები დამხვდებოდნენ.. საბედნიეროდ, იმაზე მალე დავბრუნდი, ვიდრე ეს მე წარმომედგინა..“

საჯარიმო დარტყმა რონალდინიოს დედისთვის

„როდესაც რონალდინიოს დედა გარდაიცვალა, ბრაზილიაში წასვლა ვერ მოვახერხე. მე მას დიდი ყვავილების გვირგვინი გავუგზავნე.. „საუთჰემპტონთან“ მატჩის წინ, როდესაც გასახდელში შევედი იდეა გამიჩნდა, რომ შიდა მაისურზე შეტყობინება დამეწერა..

„დიდი ძალა და გამძლეობა ასის მორეირას ოჯახს“

„მშვიდად განისვენე, დონა მიგელინა“..

უბრალოდ, შეგრძნება მქონდა, რომ იმ დღეს გოლს გავიტანდი. ასეც მოხდა.. გავიტანე, მაისური გავიხადე და კამერასთან დავდექი.. თამაშის შემდეგ, ჩემს სათამაშო ფორმას ხელი მოვაწერე და რონალდინიოს გავუგზავნე. მამაჩემმა მითხრა, რომ მას ეს ძალიან გაუხარდა.. რონალდინიომ, მისმა ძმამ, დამ, ძმისშვილმა და დისშვილმა ეს დააფასეს და ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა..

მიუხედავად იმისა, რომ რესტინგა დიდი ხნის წინ დავტოვე, წესები ჩემთვის არასდროს შეცვლილა.

„ყოველთვის იზრუნე შენს მეორე ოჯახზე, ყოველთვის იზრუნე შენს ძმებზე“..


„ბარსელონა“

„ზაფხულში, ჩემს გადასაბირებლად ლონდონის „ჩელსიმ“ ყველაფერი გააკეთა.. ამის პარალელურად ინტერესს „ბარსელონა“ იჩენდა. ღამეები არ მეძინა. იმ პერიოდში კატალონიელებს ფინანსური პრობლემები ჰქონდათ და ამის მოგვარებას ველოდებოდი..

ლაპორტამ პირადად დამირეკა და მოცდა მთხოვა.. სწორედ ამიტომ არ დავაჩქარე „ჩელსიში“ გადასვლა.. დრო იწურებოდა, მაგრამ იმედი მაინც მქონდა.. იქ ხომ თვით რონალდინიო თამაშობდა.. წარმოიდგინეთ, ბიჭი რესტინგადან, რომელსაც შანსი ჰქონდა თავისი მეგობრის და კუმირის ყოფილ კლუბში ეთამაშა.. ეს არარეალური ჩანდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა..

დღეს მე „ბარსელონელი" ვარ..

დღეს მე ბედნიერი ვარ..

ოცნებები ხდება..

არასდროს დანებდე..

ბიჭი რესტინგადან, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოხვდა.“ - მე რაფინია ვარ

გაზიარება: