The Sun: სიტის კვარაცხელიას ტრანსფერში ქინქლაძის იმედი აქვს
ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ სატრანსფერო ბაზარზე ინტერესი დღითიდღე იზრდება. 2023 წლის ზაფხულში ქართველი ფეხბურთელი დიდი ალბათობით, სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე გახდება.
ბოლო 2 კვირაა ბრიტანული პრესა აქტიურად წერს, რომ კვარაცხელიას მიმართ ინტერესი „სიტისა“ და „ლივერპულს“ გააჩნიათ. ორივე კლუბი პლუს მადრიდის „რეალთან“ და პსჟ-სთან ერთად, ხვიჩას აქტიურად აკვირდება და სეზონის დასრულებას ელის.
ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun-ი კვარაცხელიასა და „მანჩესტერ სიტის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ „ქალაქელებს“ „კვარასთვის“ ბრძოლაში გიორგი ქინქლაძის იმედი შეიძლება ჰქონდეთ.
რას წერს The Sun-ი
„სიტი კვარაცხელიას მიმართ ინტერესს იჩენს, ხვიჩა კი მათ მიმართ ქინქლაძის გამო სიმპათიას ავლენს, რომელიც 90-იან წლებში კლუბის საკულტო ფიგურა იყო.
ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც თავდასხმის სამეულში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულთან მოგებულ (4:1) შეხვედრაში ნაპოლის რიგებში საკვანძო მოთამაშე იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მან ნეაპოლელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, კლუბი მისთვის გაუმჯობესებული ხელშეკრულების შეთავაზებას გეგმავს, რათა გამოსასყიდი თანხის სახით 65 მილიონი ფუნტი იქნას გათვალისწინებული.
თუმცა კვარაცხელია, რომელმაც უკვე შვიდი გოლი გაიტანა, ჯერჯერობით მოლაპარაკებებისგან თავს იკავებს და ვარიანტების აწონ-დაწონვა სურს. სიტი იმედოვნებს, რომ ისინი თავიანთ ინტერესებს გააძლიერებენ და ამაში ქინქლაძის კავშირები მათ მომგებიან პოზიციაში დააყენებს.
„ქინქი“, როგორც მას გულშემატკივრებმა შეარქვეს, კვლავ ინარჩუნებს კავშირს თავის ძველ კლუბთან და თვლის, რომ მის თანამემამულეს აქვს ის, რაც ინგლისში წარმატების მისაღწევად საჭიროა“.
- წერს ბრიტანული გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩას პოზიციაზე (მარცხენა გარემარბი) „სიტის“ ჯეკ გრილიში ჰყავს, რომელიც უკვე მეორე სეზონია „ქალაქელთა“ რიგებშია და მასში გადახდილ 100 მილიონს სანახევროდაც ვერ ამართლებს.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას ამჟამინდელი ანაზღაურება წლიურად 1.2 მილიონი ევროა. „ნაპოლი“ გეგმავს, რომ მას ბონუსების გათვალისწინებით ხელფასი 3 მილიონამდე გაუზარდოს და ის გუნდში დარჩენაში დაარწმუნოს, თუმცა თუ საქმეში ინგლისური გრანდები ჩაერთვნენ, ფინანსებისა და ანაზღაურების მხრივ ნეაპოლელთა სამი მილიონი მათი შეთავაზებების ფონზე სასაცილო თანხად გამოჩნდება და დე ლაურენტისს „კვარას“ შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ალბათ, სწორედ ამიტომ ცდილობენ, რომ ხვიჩას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის სახით 65 მილიონი ფუნტი ჩაწერონ...