ორმაგი დუბლი და კარიერის საუკეთესო შედეგი - ბითაძემ დეტროიტთან იფრინა
გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ საწყისი 2 მარცხის შემდეგ, სეზონში პირველი თამაში მოიგო. ინდიანაპოლისელებმა საკუთარ კედლებში „დეტროიტ პისტონსს“ 124:115 მოუგეს.
შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა გოგა ბითაძემ, რომელმაც 25:23 წუთი ითამაშა, 14 ქულა, 15 მოხსნა (8 შეტევაში), 4 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა ჰქონდა.
GOATGA.????
— Indiana Pacers (@Pacers) October 23, 2022
14 PTS
6-8 FG
15 REB (career-high)
4 AST pic.twitter.com/gFfmXOxusn
გოგამ 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 5-დან ხუთივე ორქულიანი ზუსტად ისროლა, 4-დან კი 1 საჯარიმო გამოიყენა. 3 ფოლიც მიიღო და სარგებლიანობის მაჩვენებელი +8 ჰქონდა.
შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც „ინდიანამ“ 13 ქულით მოიგო და +9 გაქცევა მოახერხა.
პარკეტზე ყველაზე მეტი 27 ქულა ბენედიქტ მატურინს ჰქონდა. ასევე ორმაგი დუბლები გაიფორმეს სადიქ ბეიმ (20 ქულა, 11 მოხსნა), ტაირიზ ჰალიბერტონმა (24 ქულა, 10 პასი), ჯეილენ სმითმა (19 ქულა, 15 მოხსნა) და აიზია სტიუარტმა (11 ქულა, 16 მოხსნა).