ოქროს მედლის ორი შანსი - ელბაქიძე და გამყრელიძე ფინალში გავიდნენ
ესპანეთში, ქალაქ პონტევედრაში 23-წლამდე ასაკის მოჭიდავეთა შორის, მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და დღეს, საქმეში თავისუფალი სტილით მოასპარეზე ფალავნები ჩაერთნენ. გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ), გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
ფინალური ბლოკი გეგელაშვილის შეხვედრით გაიხსნა და ქართველი მოჭიდავე აჰმეთ დუმანს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, გიორგიმ მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და 0:10 დამარცხდა. გეგელაშვილის შემდეგ, ხალიჩაზე გიორგი ელბაქიძე ვიხილეთ. ამ უკანასკნელმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ყირგიზი ოროზობეკ ტოკტომამბეტოვი 10:0 დაამარცხა. ელბაქიძე ფინალში იაჰია აბდულაჰ ტომასს შეხვდება.
ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს ვლადიმერ გამყრელიძესაც. მან ბერძენი გეორგიოს კუგიმიცდისი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ფინალის საგზური დაისაკუთრა. გადამწყვეტ შეხვედრას იგი ყაზახი დაულეტ იერგეშის წინააღმდეგ გამართავს. აქვე გეტყვით, რომ ფინალში გავიდა ტანერ რაიან სლოანი, რის შემდეგაც რეპეშაჟში ჩაერთო ანდრო მარგიშვილი და იგი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ.) ანგოლელ ტადეუ დე დეუსს 10:0 სძლია, 1/4-ფინალში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ჰორსტ ლერი (გერმანია) 11:5 დაამარცხა. ნახევარფინალში გიორგის მეტოქე თურქი აჰმეტ დუმანი იქნება.
გიორგი ელბაქიძემ შრილანკელი ლაჰირუ ვანაკუ ვატა ვადუგე 22 წამში დაამარცხა. 1/4-ფინალში ელბაქიძემ აზერბაიჯანის წარმომადგენელ კანან ჰეიბატოვის ბარიერი დაძლია (5:4) და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ყირგიზი ოროზობეკ ტოკტომამბეტოვი იქნება.
ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ.) კვალიფიკაციაში შვეიცარიელი ტანგუი დარბელაის ძლევით 1/8-ფინალში გავიდა (14:7). გამყრელიძემ სომეხ ავაგიანს მძიმე ბრძოლაში აჯობა (7:5). აშშ-ს წარმომადგენელ ბონდარის ძლევით გამყრელიძე 1/2-ფინალში გავიდა. გამყრელიძემ ბონდარს 4:0 მოუგო. ვლადიმერი ფინალის საგზურისთვის ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდისს დაუპირისპირდება.
ანდრო მარგიშვილმა (97 კგ.) მეოთხედფინალური შეხვედრა ამერიკელ რაიან სლოანთან 3:6 დათმო და ამერიკელი ფინალში გავა, ქართგველი მოჭიდავე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.
გია უგრელიძემ (65 კგ.) ბელგიის სახელით მოასპარეზე მუსაევთან ბოლო ქულის უპირატესობით იგებდა, შეხვედრის დასრულებამდე 37 წამით ადრე ბელგიელმა ტრავმის გამო შეხვედრა ვერ გააგრძელა. 1/8-ფინალში უგრელიძე ამერიკელ კოულ მეტიუსთან 2:6 დამარცხდა, თუმცა რადგან შემდეგი ეტაპის შეხვედრა ამერიკელმა დათმო, უგრელიძემ ბრინჯაოსთვის ბრძოლაც ვერ შეძლო.