გიორგი მამარდაშვილი, ანტონიო კონტე, უგო ლორისი, ვოიცეხ შჩესნი
Aa
Aa

TeamTalk: მამარდაშვილი კონტეს ნომერ პირველი სამიზნეა

მადრიდული MARCA ბრიტანულ TeamTalk-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გიორგი მამარდაშვილი „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ნომერ პირველი სამიზნეა. იტალიელი სპეციალისტი 36 წლის უგო ლორისის შემცვლელად ქართველს მოიაზრებს.

„დეზები“ მამარდაშვილის სანაცვლოდ 25 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდას გეგმავენ. ინგლისური კლუბი „ღამურების“ მეკარის გადაბირებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეეცდება.

MARCA-ს ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილის გადაბირება ტურინის „იუვენტუსსაც“ სურს, იტალიური კლუბი მამარდაშვილს ვოიცეხ შჩესნის შემცვლელად მოიაზრებს. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის ფეხბურთელმა „ვალენსიასთან“ ახალი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასაწყისში გააფორმა. გიორგი მამარდაშვილს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. Transfermarkt-ი ქართველს 20 მილიონ ევროდ აფასებს.

გიორგი მამარდაშვილი ესპანური კლუბის ღირსებას 2021 წლის ზაფხულიდან იცავს. გასული სეზონის მეორე ნახევარში „ვალენსიას“ სასტარტოში ადგილი დაიმკვიდრა. მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა, ლა ლიგის ათივე ტურში სასტარტოში ითამაშა და გუნდი გოლისგან არაერთხელ იხსნა, ხოლო ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა („ჟირონასთან“ და „სელტასთან“).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ჩემი გუნდია, ეს ჩემი ფერებია“ - კვეკვესკირმა ლეხთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
„ეს ჩემი გუნდია, ეს ჩემი ფერებია“ - კვეკვესკირმა ლეხთან კონტრაქტი გაახანგრძლივა