გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდას აგენტი: „გიორგის ბევრი კლუბი აკვირდება, იუვეს ინტერესი დამატებითი მოტივაციაა“

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის აგენტმა, ლევან სეთურიძემ Calciomercato-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. სეთურიძემ ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკა, რომელთა შორის „იუვენტუსის“ ინტერესი, ქართული ფეხბურთი, მამარდაშვილის გეგმები და ჯენარო გატუზოს პოზიცია გახლდათ.

ჯენარო გატუზო და მიმდინარე სეზონი

„გიორგი მიმდინარე სეზონის სტარტისა და კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების გამო, ძალიან ბედნიერია. მე და ჩემმა პარტნიორმა, სტეფანო კასტანიამ დიდი სამუშაო გავწიეთ და საბოლოოდ, ვალენსიასთან ახალი ხელშეკრულების დადების თაობაზე შეთანხმებას მივაღწიეთ. გატუზოს რაც შეეხება, მას გიორგისი სჯერა და მამარდა სასტარტო შემადგენლობის წევრი სწორედ ამიტომაა. გატუზოსა და მამარდაშვილს ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ“.

იუვენტუსის ინტერესზე

„მამარდაშვილს ბევრი მნიშვნელოვანი კლუბი აკვირდება და ინტერესს არა მხოლოდ იტალიური, არამედ ინგლისური კლუბები იჩენენ. ამ ეტაპისთვის, ჩვენი მიზანი ვალენსიაა და გიორგიმ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოუმატოს. 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დადგომამდე, შეიძლება, ბევრი რამ შეიცვალოს, თუმცა ამ მომენტისთვის, ის ვალენსიას ფეხბურთელია“.

მამარდაშვილისა და კვარაცხელიას ეფექტი

„მამარდაშვილი და კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან და აქვთ პოტენციალი, მსოფლიო ფეხბურთში თავიანთი კვალი დატოვონ. გიორგი მეკარეა და კარგად ვიცით, იტალიაში გოლკიპერების თამაშს რამხელა ყურადღებას აქცევენ. განსაკუთრებით, იმ გუნდში, რომლის კარს დინო ძოფი და ჯიჯი ბუფონი იცავდნენ. იუვენტუსის ინტერესი მისთვის დამატებითი მოტივაციაა. მამარდაშვილის ხასიათისა და მის მიერ მიღწეული პროგრესიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ნებისმიერ დონეზე თამაში შეუძლია. იტალიაში ასპარეზობა ნებისმიერი მეკარისთვის გამოწვევაა და ჩემი აზრით, გიორგის თავისი კვალის დატოვება ყველგან შეუძლია“.

ქართული ფეხბურთის აღზევებაზე

„მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ტალანტებს ყურადღება მივაქციოთ. 2 წლის წინ, გიორგი საქართველოში ასპარეზობდა, ახლა კი ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და ასაკის გათვალისწინებით, ევროპაში ნამდვილად გამორჩეულია. საქართველოში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ევროპული კლუბების ყურადღებას იმსახურებენ და მე და სტეფანო კასტანია ამ კუთხით ვმუშაობთ“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ გასული წლის ზაფხულში შეუერთდა, დღეისთვის კი ძირითადი შემადგენლობის უპირობო წევრად ითვლება. საერთო ჯამში 22 წლის მეკარემ „ღამურებში“ 31 შეხვედრა ჩაატარა და 33 გოლი გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzeta: იუვენტუსმა თვალი მამარდაშვილს დაადგა
Gazzeta: იუვენტუსმა თვალი მამარდაშვილს დაადგა