მარიო მელხიოტი ხვიჩაზე: „თავმდაბალი ბიჭი ბრწყინვალე დრიბლინგით“
„აიაქსისა“ და „ჩელსის“ ყოფილ ფეხბურთელს, მარიო მელხიოტს საკუთარი ვებგვერდი mariomelchiot.com აქვს, სადაც დღევანდელ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებზე, კლუბებსა და მოთამაშეებზე წერს. ამჯერად, ნიდერლანდელი მცველის ყურადღების ცენტრში „ნაპოლი“ მოექცა და მელხიოტმა „პარტენოპეის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.
„ნაპოლი სერია A-ს ლიდერია, დაუმარცხებელია და დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი გუნდია, რომელსაც ჩემპიონატში საშუალოდ 2.5 გოლი გააქვს. მაგალითად, „სიტის“ საშუალოდ 2.4 გოლი გააქვს და ეს გვეხმარება უკეთ გავითავისოთ, რამდენად კარგად ისვრის პარტენოპეი.
ჩემპიონთა ლიგაზე, მათ მიერ ნაჩვენები ფეხბურთი და სათამაშო ფორმა, სხვა თუ არაფერი, შთამბეჭდავია და ნაპოლიმ ლივერპულს 4 გოლი გაუტანა, რეინჯერსს - 3, აიაქსს კი - 10. მატჩის მიმდინარეობისას, სპალეტის ფეხბურთელები პოზიციებს ხშირად იცვლიან და ნებისმიერი ევროპული კლუბისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
ბიჭი, რომელმაც უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო, მარცხენა გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელიაა. 21 წლის ქართველ ფეხბურთელს ბრწყინვალე დრიბლინგი აქვს, რასაც ემატება სისწრაფე, რომლითაც ნებისმიერთან გამკლავება შეუძლია. ხვიჩას არავისი ეშინია და პარალელურად, თავმდაბალი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებს. ასე რომ, გასაკვირი არაა, ყოველ კვირა, მის გამარჯვებულ მხარეს რომ ვხედავთ. მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა. კვარას ასპარეზობა ჩემს ყოფილ გუნდთან, აიაქსთან 2-ჯერ ვიხილე და აშკარაა, რომ ახალგაზრდა ტალანტს წინ კიდევ ბევრი რამ აქვს“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, Goal-მა 2023 წლის ოქროს ბურთის მოგების კანდიდატები დაასახელა და 20 ფეხბურთელი გამოარჩია, რომელთა შორის „ნაპოლის“ ქართველ შემტევსაც ვხედავთ. „კვარა“ მე-15 პოზიციას იკავებს.