აბუ დაბის გრანდ სლემი: ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია
21-23 ოქტომბერს, გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 10 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს.
ცოტა ხნის წინ, ტურნირის დაწყებამდე 1 დღით ადრე კენჭისყრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ქართველი ძიუდოისტების პირველი და პოტენციური მეტოქეები გაირკვა.
ბიჭები:
-60 კგ. - მსუბუქ წონაში საქართველოს სახელით ორი ძიუდოისტი იასპარეზებს. B ჯგუფში იქნება თემურ ნოზაძე, რომელიც პირველ წრეში დაისვენებს, მეორეში კი მოლდოველ ალეშანდრუ ტირშინასა და ფრანგ რიჩარდ ვერნეს შორის გამარჯვებულს შეხვდება. გიორგი სარდალაშვილი კი D ჯგუფში იასპარეზებს, საწყის შეხვედრას კი ისრაელის წარმომადგენელ მატან კოკოლაიევთან გამართავს.
-66 კგ. - აღნიშნულ წონაშიც საქართველოს დელეგაცია 2 სპორტსმენით წარდგება. ბაგრატ ნინიაშვილი გათამაშებაში A ჯგუფიდან ჩაერთვება, პირველ შეხვედრაში კი პოლონელ პატრიკ ვავრჟიჩეკს დაუპირისპირდება. რაც შეეხება მეორე სპორტსმენს, ის გიორგი თუთაშვილი იქნება, რომელიც C ჯგუფის პირველ წრეში ხაზახ იესეტ კუანოვს შეერკინება.
-73 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით გიორგი ტერაშვილი ასპარეზებს. ახალგაზრდა ძიუდოისტი წონის ლიდერია და A ჯგუფში პირველ ნომრად არის განთესილი. შესაბამისად, ტერაშვილი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე წრეში კი აზერბაიჯანელ ვუსალ გალანდარზადესა და მოლდოველ ადილ ოსმანოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
-81 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას გიორგი ახალაური დაიცავს, რომელიც D ჯგუფში იქნება და საწყის შეხვედრაში უკრაინის სახელით მოასპარეზე გევორ მანუკიანს დაუპირისპირდება.
-90 კგ. - აღნიშნულ წონაში საქართველოს სახელით ზოგადად ტურნირის ლიდერი ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებს. გამოცდილი ძიუდოისტი პირველ წრეში აზერბაიჯანელ ვუგარ თალიბოვს შეხვდება. ამავე წონაში იქნება კიდევ ერთი გამოცდილი სპორტსმენი, უშანგი მარგიანი, რომელიც C ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩინელ იადონგ ქსიეს შეერკინება.
-100 კგ. წონით კატეგორიაშიც 2 ძიუდოისტით გამოვალთ. A ჯგუფში იქნება გიორგი ბერიაშვილი, რომელიც პირველ შეხვედრაში დანიელ მატიას მადსენთან იჭიდავებს, C ჯგუფში კი ჩვენი ქვეყნის ღირსებას ონისე სანებლიძე დაიცავს, რომელიც ჩილელ ტომას ბრიკენოსთან ბრძოლით ჩაერთვება ასპარეზობაში.
+100 კგ. - მძიმე წონაში საქართველოს სახელით ირაკლი დემეტრაშვილი იასპარეზებს, რომელიც პირველ წრეში ჩინელ რუიქსუან ლის შეერკინება.
გოგონები:
-57 კგ. წონით კატეგორიაში გოგონებიდან ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებს. ქართველი ძიუდოისტის მეტოქე საუდის არაბეთის წარმომადგენელ ღადა ალატეიკსა და იტალიელ ჯულია კაჩიანოს შორის გამარჯვებული იქნება.
+78 კგ. წონით კატეგორიაში კი სოფიო სომხიშვილი გამოვა, რომელსაც პირველ მეტოქედ ტრინიდადი და ტობაგოელი გაბრიელა ვუდი ერგო.