მეისონ გრინვუდი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელს, მეისონ გრინვუდს გირაოს სანაცვლოდ დღეს გაათავისუფლებენ. მოსამართლე ჯონ პოტერმა ინგლისელი შემტევის ადვოკატების მოთხოვნა დააკმაყოფილა და რამდენიმე საათის წინ გამართულ მოსმენაზე, გირაო დაამტკიცა.
გრინვუდი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მისმა მეგობარმა გოგონამ, ჰარიეტ რობსონმა ძალადობის ამსახველი ფოტომასალა და აუდიოჩანაწერი სოციალურ ქსელებში გაავრცელა. ინგლისელ ფეხბურთელს გაუპატიურებასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ და მის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
გირაოს პირობებით, გრინვუდმა ბოუდონში მდებარე სახლში უნდა იცხოვროს და მოწმეებთან ან მომჩივანებთან კონტაქტის დამყარება ეკრძალება. ცოტა ხნის წინ, მან პირობები დაარღვია და ინგლისური პრესის ინფორმაციით, ყოფილ მეგობარ გოგონას დაუკავშირდა, რამაც მისი დაკავება განაპირობა.
შეგახსენებთ, რომ მომხდართან დაკავშირებით, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა: „გრინვუდს სისხლის სამართლის ბრალდება კიდევ ერთხელ წარედგინა. კლუბი აღნიშნულ მოთამაშეს კვლავ დისკვალიფიცირებულად ტოვებს. ეს ყველაფერი იქამდე, სანამ სასამართლო არ დასრულდება.“