„მონსტრია“ - საბატინიმ და დი ჯენარომ ხვიჩაზე ისაუბრეს
ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელებმა, ვალტერ საბატინიმ და ანტონიო დი ჯენარომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს. საბატინიმ Corriere dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ „კვარას“ თამაშით გაოცებულია, დი ჯენარომ კი დასძინა, რომ ხვიჩამ „პარტენოპეი“ შეცვალა.
საბატინი: „აქამდე შური არასდროს მიგრძნია, ახლა კი კრისტიანო ჯუნტოლის მშურს, ვინც ეს ბიჭი აღმოაჩინა. კრისტიანო ნამდვილი ფენომენია და აპლოდისმენტებს იმსახურებს, რადგან კვარაცხელიას ტრანსფერი ხელოვნების ნიმუში იყო. რაფაელ ლეაუ მეტოქეებს ნაწილებად შლის, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი გადამწყვეტია და თამაშზე დიდ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, ჩემი ხმა კვარას! გთხოვთ, მითხარით, ჯუნტოლიმ ეს ბიჭი როგორ გაიფორმა? როგორ?!“
დი ჯენარო: „ქართველი ფეხბურთელი მონსტრია. იგი უკმაყოფილებას არასდროს გამოხატავს და ნაპოლის სახის ცვლილებაში დიდი წვლილი შეიტანა“.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო შეხვედრაში ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა და 69-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა. „ბოლონიას“ შემდეგ, მისი გუნდის მომდევნო გაჩერება იტალიის დედაქალაქია, სადაც „პარტენოპეი“ „რომას“ დაუპირისპირდება.