„ძლიერი, მაგრამ ძალიან საინტერესო ჯგუფია“ - სვანაძე წილისყრას აფასებს
გუშინ, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
ევრო 2023 რამაზ სვანაძის გუნდი A ჯგუფში იქნება და პორტუგალიის, ბელგიის და ნიდერლანდების ნაკრებებს შეხვდება.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კენჭისყრა შეაფასა და ჩვენი გუნდის შანსებზე ისაუბრა.
რა თქვა სვანაძემ:
ძლიერი, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესო ჯგუფია. ტოპ-ნაკრებებთან მოგვიწევს დაპირისპირება. ამ ასაკში თითქმის ყველა გუნდი გამორჩეულია. ეს იქნება დიდი გამოცდილება და ზეიმი როგორც ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, ისე მთელი გუნდისთვის. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის შანსის ხელიდან გაშვება მარტივად არ შეიძლება. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებით გამოვიდეთ ჯერ ჯგუფურ ეტაპზე და შემდეგ უკვე პლეი-ოფში.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებს 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ და რუმინეთს ორ ქალაქში გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. საქართველოში A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.