ზინედინ ზიდანი, კარიმ ბენზემა, ოქროს ბურთი
Aa
Aa

„საოცრება იქნებოდა ჩვენი ერთად თამაში“ - ზიზუმ ბენზემაზე ისაუბრა

გუშინ, საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ სუპერვარსკვლავმა, კარიმ ბენზემამ 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთლის ჯილდო ოფიციალურად ჩაიბარა. პარიზში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე 34 წლის ფეხბურთელს ჯილდო ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანმა გადასცა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ზიზუმ France Football-თან კარიმის განვლილ გზაზე და მასთან ურთიერთობაზე ვრცლად ისაუბრა.

რა თქვა ზიდანმა:

მე ფაქტობრივად მისი უფროსი ძმა ვარ. ერთმანეთს ასე ვუწოდებთ: პატარა ძმა და დიდი ძმა. ჩვენ მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე წარმომავლობა გვაქვს, ის ლიონიდანაა, მე მარსელიდან. ორივე სამეზობლოში გავიზარდეთ და საწყის ეტაპზე ყველაფერი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. უბრალო გარეუბნელი ახალგაზრდები ვიყავით, რომლებიც პროფესიონალ ფეხბურთელობაზე ოცნებობდნენ და ამას დიდი შრომით მივაღწიეთ. საერთო ნამდვილად ბევრი რამ გვაქვს: ჩვენი ოჯახები ალჟირის პატარა ქალაქიდან, კაბალიადან მოდიან, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია.

მართალია, ერთი თაობიდან არ ვართ, მაგრამ ბევრი რამ გვაერთიანებს. ალბათ ამიტომაცაა ჩვენი ურთიერთობა ასეთი ძლიერი. მას მაშინ შევხვდი, სანამ მწვრთნელი გავხდებოდი, მაშინ მადრიდის „რეალის“ დირექტორი ვიყავი, მწვრთნელი კი ჟოზე მოურინიო იყო. მე და კარიმი ერთ ენაზე ვსაუბრობდით, რამაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა.

კერპი:

ბავშვობაში ბრაზილიელი რონალდო მისი კერპი იყო და მეც მინდოდა მის ცხოვრებაში ასეთი როლი მქონოდა. მჯერა, რომ კერპად მეც მომიაზრებდა. ვიქნებოდი ფეხბურთელი, რომლითაც ის აღფრთოვანდებოდა და შთააგონებდა. ჩვენ შესანიშნავი ტექნიკური ხარისხი გვაქვს, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, რომ ბევრი უნდა გვეშრომა. ჩემს მსგავსად, ისიც მთელი კარიერის განმავლობაში ვარჯიშზე 45 წუთით ადრე მოდიოდა და 1 საათით გვიან მიდიოდა. ის ყოველთვის ცდილობდა კარის წინ უფრო უკეთესი გამხდარიყო და ახლაც ასე აგრძელებს.

რეალში ყოფნის პერიოდი:

როდესაც მისი მწვრთნელი გავხდი, მასთან ერთად მოედანზე ყოფნა ფანტასტიური გრძნობა იყო, ვარჯიშის დროს ერთმანეთს ყველაფერს ვუზიარებდით და ამ სფეროში ეს ძალიან მიყვარს. მას რჩევებს ვაძლევდი, მაგრამ რამდენიმე წუთში მაჩვენებდა, რომ ვცდებოდი. მისი ბურთთან ურთიერთობა ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა... ის ბურთს სანახაობრივად აკონტროლებს...

ბევრჯერ გვითქვამს ერთმანეთისთვის, რომ საოცრება იქნებოდა ჩვენი ერთად თამაში. წარმოიდგინეთ, რამდენი გოლის გატანას ვაიძულებდი. სამწუხაროდ ასე არ მოხდა, მაგრამ შემდეგ უკვე ეს როგორც მწვრთნელმა და მოთამაშემ შევძელით.

ბენზემას რთული პერიოდი:

მადრიდის „რეალში“ ჩვენი ისტორია მსგავსი არ არის. მე 29 წლის ვიყავი, როცა კონტრაქტი გავაფორმე, ის კი მადრიდში ძალიან ახალგაზრდა ჩამოვიდა. მაშინ, როდესაც კარიმ „რეალში“ რთული პერიოდი ჰქონდა და ყველა აკრიტიკებდა, მაინც არ დანებდა. ხალხს ეგონა, რომ ის პირსახოცს დააგდებდა და დანებდებოდა, მაგრამ საკუთარ თავს ყოველთვის ეუბნებოდა, რომ აქ ისტორიის შექმნა და ბევრი ტიტულის მოგება უნდოდა. საბოლოოდ, მან ეს ყველაფერი შეძლო... მიუხედავად ბევრი ზეწოლისა და კრიტიკისა, მას არ დაუკარგავს საკუთარი თავის რწმენა, ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი თვისება, რაც მასში მიყვარს. არასდროს ნებდებოდა, ხალხს ლაპარაკის და კრიტიკის უფლებას აძლევდა, დღეს კი მისი ისტორია და სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. ბენზემა ამ კლუბის ლეგენდად იქცა, წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწია და ხალხს ის დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემამ ზინედინ ზიდანის მწვრთნელობის პერიოდში „რეალში“ 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 2 ლა ლიგა მოიგო. გასული წლის სეზონში კი ფრანგმა კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგება შეძლო, ასევე ის ორივე ტურნირზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ოქროს ბურთიც დამსახურებულად მიიღო.

ცნობისთვის, ზინედინ ზიდანი ბოლო ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო. ფანგმა ლეგენდამ აღნიშნული პრიზი 24 წლის წინ დაიმსახურა. „24 წლის შემდეგ უკეთეს მემკვიდრეზე ვერ ვიოცნებებდი, ის ამას უპირობოდ იმსახურებდა“, - დასძინა ზიზუმ ინტერვიუს ბოლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - ბენზემამ ოქროს ბურთი მოიგო
2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - ბენზემამ ოქროს ბურთი მოიგო