“ასაკი ჩემთვის ციფრებია“ - ბენზემა ოქროს ბურთის მოგების შემდეგ
პარიზში, 2022 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გულშემატკივრების უმეტესი ნაწილი ფიქრობდა, რომ აღნიშნულ ჯილდოს კარიმ ბენზემა მოიგებდა.
საბოლოოდ, საკმაოდ დიდი უპირატესობით 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი გახდა. შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა ოქროს ბურთის 66-ე გამარჯვებულია.
ოქროს ბურთის მიღების შემდეგ ფრანგმა შემტევმა განაცხადა:
„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი მაშინ იყო, როდესაც ეროვნულ ნაკრებში არ მიძახებდნენ. არასდროს გავჩერებულვარ და დავნებებულვარ. ამ მიღწევით მართლაც ძალიან ვამაყობ. ეს ადვილი ნამდვილად არ იყო. აქ პირველად ვიმყოფები და უზომოდ ბედნიერი ვარ.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მადრიდის „რეალის“ და საფრანგეთის ნაკრების ყველა ფეხბურთელს. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ფლორენტინო პერესს, რომელიც ახლა აქ ჩემს გამო იმყოფება. უამრავი ადამიანია ვისთვისაც მადლობის თქმა მინდა. ეს ინდივიდუალური პრიზია, მაგრამ ამავდროულად გუნდური, რადგან ჩემი თანაგუნდელების გარეშე ამას ვერ მივაღწევდი.
ასაკი ჩემთვის მხოლოდ ციფრებია. ხალხი ბოლო წლამდე თამაშობს და მე ჯერ კიდევ მაქვს ტიტულების მოგების მძვინვარე სურვილი. სწორედ ამ სურვილმა და მისწრაფებამ მიბიძგა, რომ ასეთ დონეზე ავსულიყავი. ამან შემინარჩუნა ოცნება და ცეცხლი ჩემს უკან. მე უბრალოდ მინდა კიდევ დიდ ხანს ვითამაშო.“