საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

მსოფლიო რეიტინგი განახლდა - რომელ ადგილზე არიან ქართველი ძიუდოისტები

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი განაახლა, სადაც ცვლილებები ქართველ ძიუდოისტებსაც შეეხოთ:

-60 კგ. წონითი კატეგორია:

აღნიშნულ წონით კატეგორიაში მსოფლიო პირველობაზე საქართველოს სახელით ლუხუმ ჩხვიმიანმა იჭიდავა, რომელიც ტურნირს ¼ ფინალში გამოეთიშა და ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა. ტურნირამდე ჩხვიმიანი მე-5 პოზიციას იკავებდა, განახლებულ რეიტინგში კი 2 საფეხურით დაქვეითდა და ახლა მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

-66 კგ. წონითი კატეგორია:

ამ წონაში საქართველოს ნაკრებიდან შეჯიბრზე ვაჟა მარგველაშვილი იყო წარმოდგენილი. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი რეპეშაჟში დამარცხდა და ტურნირი მე-5 ადგილზე დაასრულა. განახლებულ რეიტინგში მარგველაშვილი 1 საფეხურით არის დაქვეითებული და 3927 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

-73 კგ წონითი კატეგორია:

მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილი რეიტინგის ლიდერის სტატუსით ჩავიდა, თუმცა ქართული ძიუდოს ლეგენდამ მედლის აღება ვერ შეძლო. ამან მის რეიტინგზეც იმოქმედა და განახლებულ სიაში ლაშა მე-2 საფეხურზე დაქვეითდა.

-81 კგ წონითი კატეგორია:

საქართველოს ნაკრებმა ერთადერთი ოქროს მედლის აღება -81 კგ. წონით კატეგორიაში შეძლო, რომელიც ტატო გრიგალაშვილის ანგარიშზეა. 23 წლის ძიუდოისტი ტურნირზე წონის ლიდერის სტატუსით ჩავიდა და ბუნებრივია, ჩემპიონობის შემდეგ პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.

-90 კგ. წონითი კატეგორია:

აღნიშნულ წონაში საქართველოს სახელით ორმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა, ლაშა ბექაურმა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ლუკა მაისურაძემ. ტურნირამდე, ბექაური მე-10 ადგილზე იმყოფებოდა და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ მეშვიდეზე აღზევდა, ლუკა მაისურაძემ კი, რომელმაც ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მე-5 ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლა.

-100 კგ. წონითი კატეგორია:

-100 კგ. წონით კატეგორიაშიც საქართველოს ნაკრები 2 ძიუდოისტით წარდგა. ილია სულამანიძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში შეძლო მისვლა, თუმცა გადამწყვეტ დაპირისპირებაში დამარცხდა, ვარლამ ლიპარტელიანი კი ასპარეზობას მეორე წრეში გამოეთიშა. განახლებულ რეიტინგში ილია სულამანიძემ მეექვსედან მეხუთეზე ადგილზე გადაინაცვლა, ვარლამ ლიპარტელიანი კი მეცხრედან მეათე პოზიციაზე დაქვეითდა.

+100 კგ. წონითი კატეგორია:

აღნიშნულ წონაში საქართველო გურამ თუშიშვილმა წარმოადგინა, რომელმაც საბოლოოდ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. თუშიშვილი ტურნირზე მე-2 ნომრად ჩავიდა და განახლებულ რეიტინგშიც იგივე პოზიცია ერგო. ამავე წონაში, კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი, გელა ზაალიშვილი მე-6 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება გოგონებს, ყველა წონაში მსოფლიო რეიტინგის ათეულში მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანია წარმოდგენილი, რომელიც -57 კგ. წონითი კატეგორიის სიაში მეოთხე ადგილს იკავებს.

ცნობისთვის, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი ზუსტად 6 თვეში, 7 მაისიდან 14 მაისის ჩათვლით ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატი - გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მსოფლიო ჩემპიონატი - გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა