„კარიერაში მაგიური მომენტის უდგას“ - Goal.com-ი ხვიჩას საოცარ სერიაზე
Goal.com-ი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს სტატიას უძღვნის. სტატიის ავტორი ალესანდრო დე ფელისე ყურადღებას კვარაცხელიას 32-მატჩიან დაუმარცხებელ სერიაზე ამახვილებს. ასევე, მის პროდუქტიულ თამაშს უსვამს ხაზს. იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩას გოლებისა და საგოლე პასების მანქანას უწოდებს.
„გოლებისა და საგოლე პასების მანქანა, თილისმა მათთვის, ვისაც მისი იმედი აქვს და კოშმარი მისი მეტოქეებისთვის.
ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი 2001 წელს დაიბადა, 2022-23 წლების სეზონის პირველ ნახევარში უმაღლეს დონეზე თამაშობს, რეალიზაციის ფაზაში ლუჩანო სპალეტის გუნდში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ნეაპოლური გუნდი სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ფრენას აგრძელებს, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 1/16-ფინალში თამაში გაინაღდა.
კვარაცხელიას მაგიური მომენტის უდგას ნეაპოლურ კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში. კვარაცხელია თითქმის 7 თვეა დაუმარცხებელია, უკანასკნელად 2022 წლის 20 მარტს მოსკოვის ცსკა-სთან დამარცხდა, როცა ყაზანის „რუბინის“ რიგებში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა.
ყაზანის „რუბინის“ დატოვების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ეროვნული ნაკრების, ბათუმის „დინამოსა“ და „ნაპოლის“ რიგებში საერთო ჯამში 32 მატჩი ჩაატარა ისე, რომ არ დამარცხებულა, რაც ბრწყინვალე შედეგია.
ბათუმის „დინამოში“ 11 მატჩი ჩაატარა (7 გამარჯვება, 4 ფრე), 8 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა. ზაფხულში კარიერა „ნაპოლიში“ გააგრძელა. ჩემპიონთა ლიგასა და სერია ა-ში 14 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 7 გოლი და 6 საგოლე პასია (პლუს, 3 გამომუშავებული პენალტი). რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ შეხვედრებს, 7 შეხვედრაში 5 გოლი შეაგდო, 4 საგოლე პასი შეასრულა“.
სტატიის მიწურულს ვიქტორ ოსიმენის კომენტარია გამოქვეყნებული, ნიგერიელმა DAZN-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
„ხვიჩა ვარჯიშებზე ბევრად ძლიერია. მგონია, რომ ჯერ კიდევ არ გინახავთ, რაც შეუძლია. შეგიძლია, ჩათვალოთ, რომ ჯერ არაფერი გინახავთ“.