„თუ მეგობარი გოგონა დაგტოვებთ, გახსოვდეთ, რომ ხვიჩას დრიბლინგი არსებობს“ - წერს IL MATTINO
ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა იტალიურმა გაზეთმა, IL MATTINO-მ „ნაპოლისა“ და „ბოლონიას“ დაპირისპირებას სტატია მიუძღვნა და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. „პარტენოპეიმ“ 3:2 იმარჯვა და IL MATTINO-ს თქმით, „კვარა“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
„თუ ყველაფერი ცუდისკენ წავა, მეგობარი გოგონა (ან მეგობარი ბიჭი) დაგტოვებთ ან სამსახურს დაკარგავთ, იცოდეთ, რომ ყოველთვის არსებობს ხვიჩა კვარაცხელიას დრიბლინგი, რომელიც ნაპოლის მარცხენა ფლანგზე იწყება. ჰორნბის პარაფრაზირებას თუ მოვახდენთ, ეს როგორც აძურის ქომაგებისთვის, ისე საფეხბურთო სამყაროსთვის, ახალი, ურყევი და უდავო რეალობაა. საფეხბურთო სამყაროსთვის, რომელმაც გუშინ, ელ კლასიკოს ნაცვლად ფუორიგროტაზე განვითარებულ მოვლენებს მიადევნა თვალი, სადაც 21 წლის ქართველმა შოუ დადგა.
რთულ მატჩში, რომელშიც ნაპოლის მეტოქე 3 ქულის მარტივად დათმობას არ აპირებდა, კვარაცხელიამ თანაგუნდელებს ყველაფრის საშუალება მისცა. უფრო მეტი სიამოვნება და გაცოცხლებული ოსიმენი. კავშირი, რომელიც მათ მოედანზე შექმნეს, საფეხბურთო ლეგალურობის ლიმიტზე იმყოფება. როცა მათ ბურთი აქვთ, არავინ იცის, რას გააკეთებენ და ალბათ, თვითონაც არ იციან, თუმცა ერთი რამ აშკარაა, მათნაირი ფეხბურთელები საჭიროა, რათა ისეთ „ბინძურ“ მატჩებში, როგორიც გუშინ იყო, სასურველი შედეგი დაფიქსირდეს“.
შეგახსენებთ, რომ „ბოლონიასთან“ დაპირისპირებაში, ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა და 69-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა.