კრისტალბეთ ეროვნული ლიგა: 30-ე ტური ბათუმის დინამოს გამარჯვებით დაიხურა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, 30-ე ტურის დასვკნითი მატჩი ბათუმი არენაზე შედგა, სადაც ადგილობრივმა „დინამომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და სანახაობრივ შეხვედრაში მინიმალური სხვაობით, 3:2 დაამარცხა.
გეგუჩაძის გუნდმა მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. ანგარიში 35-ე წუთზე მამუკა კობახიძემ გახსნა, 42-ე წუთზე კი მილან რადინმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა გორელთა კარში მესამე ბურთი შეაგდო და ბათუმელები შესვენებაზე სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ნახევარში, 55-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან ჯაბა ჯიღაური გააძევა, რამაც მატჩის მიმდინარეობაზე გარკვეული გავლენა იქონია. დარჩენილ დროში გორელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და „დინამოს“ კარში ორი ბურთი გაქვითეს, თუმცა შეხვედრის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ბათუმელთა კარში ორივე გოლი თორნიკე კაპანაძემ გაიტანა ჯერ მე-80, შემდეგ კი 91-ე წუთზე.
საბოლოოდ, „დინამომ“ მაინც გაიმარჯვა და თბილისის დინამოსთან ჩამორჩენის მხრივ 2-ქულიანი სხვაობა შეინარჩუნა. პირველ ადგილზე 66 ქულით კვლავ თბილისური გუნდია, ბათუმელები კი 64 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფებიან.