ფიგურული ციგურაობა: ინგა გურგენიძის ბრინჯაო გრან პრიზე
ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის გრან პრის ბოლო, მე-6 ეტაპზე ქართველმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ წარმატებულად იასპარეზა. მან ურთულესი ელემენტებით დატვირთული ორი პროგრამა წარმოადგინა და 190.52 ჯამური ქულით მე-3 ადგილი დაიკავა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან პოზიციები იაპონელ და კორეელ სპორტსმენებს დაუთმო.
აღსანიშნავია, რომ ახალბედა ქართველმა მოციგურავემ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა , როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში. ინგა გურგენიძე სეზონის დასაწყისში მონაწილეობდა რიგაში გამართულ გრან პრის ეტაპზეც, სადაც მან მე-4 ადგილი დაიკავა . ორი ეტაპის ჯამში 20 რეიტინგული ქულა დააგროვა და ფინალში გასული სამი იაპონელი და სამი კორეელი გოგონას შემდეგ ფინალის სათადარიგო სპორტსმენთა შემადგენლობაში აღმოჩნდა, რაც დიდი წარმატებაა.
იუნიორთა შორის გრან პრის მე-6 ეტაპი იტალიის ქალაქ ეგნაში გაიმართა, ტურნირში 37 ქვეყნის 44 სპორტსმენი მონაწილეობდა.