“ლიდერობა უნდა განვიმტკიცოთ“ - ჩავი ელ კლასიკოს წინ
ლა ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. გულშემატკივრები „ელ კლასიკოს“ იხილავენ. მადრიდის „რეალი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ჩავი:
„“ელ კლასიკო“ ჩვენთვის დიდებული შესაძლებლობაა. ლიდერობა უნდა განვიმტკიცოთ. ეს არის გამოწვევა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და პოზიტიურები ვიყოთ. ფეხბურთელობა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მწვრთნელობა. ვეცდები, რომ ჩემს ფეხბურთელებს წნეხი მოვუხსნა და თავი კომფორტულად იგრძნონ.
საჯარიმოს გარედან ხშირად უნდა დავარტყათ. არა იმიტომ, რომ კურტუა არ არის, უბრალოდ ჩვენ ეს შეგვძლია და სხვა მატჩებში ამან შედეგი გამოიღო. არ ვფიქრობ, რომ ჩემს გუნდს მენტალური პრობლემები აქვს. ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩში გამარჯვება თავისუფლად შეგვეძლო.
სამწუხაროდ არ გვყავს არაუხო, რომელმაც გასულ წელს ვინისიუსს ბრწყინვალედ გაუმკლავდა, მაგრამ ვინც ითამაშებს მარჯვენა ფლანგზე აუცილებლად კარგად გაართმევს თავს. მხოლოდ ვინისიუსი პრობლემას არ წარმოადგენს, მე მთლიან გუნდზე ვნერვიულობ. კუნდე თავს კარგად გრძნობს და ის ხვალ ითამაშებს.“
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის „რეალს“ და „ბარსელონას“ 22-22 ქულა აქვთ და ლა ლიგის სათავეში სწორედ ეს გუნდები არიან. ბურთების უკეთესი შეფარდების გამო პირველ პოზიციას ჩავი ერნანდესის გუნდი იკავებს. ცნობისთვის, მომავალი „ელ კლასიკო“ 16 ოქტომბრით თარიღდება და საქართველოს დროით 18:15-დან დაიწყება.