ხვიჩა კვარაცხელია, თემურ ქეცბაია
Aa
Aa

თემურ ქეცბაია: „საქართველოსთან თამაში არ მინდოდა“

კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გადაცემა „ტაიმაუტში“ ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის წილისყრაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით ჯგუფში კვიპროსის ნაკრები ესპანეთთან, შოტლანდიასთან, ნორვეგიასთან და საქართველოსთან მოხვდა.

„სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა, რომ საქართველოს ნაკრები ჩვენს ჯგუფში ყოფილიყო. მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს ნაკრების მაისურით ვითამაშე და მომეცა იმის საშუალება, რომ მწვრთნელიც ვყოფილიყავი. მოწინააღმდეგე მხარეს არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ახლა მოწინააღმდეგის მხარეს ყოფნა მიწევს. არ ვიცი, საქართველოსთან მატჩის დღეს როგორი შეგრძნება მექნება.

საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური თამაშის ჩატარება ნოემბერში მინდოდა, თუმცა უკვე ოფიციალურის ჩატარება მოგვიწევს.

ჩემი მეუღლე კვიპროსელია, ჩემი შვილი ნახევრადკვიპროსელია, კვიპროსზე წლებია ვცხოვრობ და იქ მხოლოდ 1 წელი არ მიცხოვრია. კვიპროსი ჩემი სამშობლოსავითაა, თუმცა არ მინდოდა, რომ საქართველოსთან გვეთამაშა.

ჯგუფის ფავორიტი ესპანეთია. კარგია, რომ საქართველოს ნაკრებში კარგი სიტუაციაა. ქართული ფეხბურთი გამოცოცხლდა კვარაცხელიას წყალობით და მისი არნახული თამაშით. სიმართლე გითხრა, მე არასდროს მინახავს, რომ ასეთ დონეზე რომელიმე ვარსკვლავს დაეწყოს. ვგულისხმობ, როგორც სერია ა-ს, ასევე ჩემპიონთა ლიგას. ხვიჩას ფენომენალური დასაწყისი აქვს. ხუმრობა არაა, მარადონას რომ შეგადარებენ.

რაც შეეხება კვიპროსის ნაკრებს, ჩვენ შეგვიძლია გავამწაროთ, ვინც არ დაგვაფასებს“.

შეგახსენებთ, ევროპის 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი მომავალი წლის 23 მარტს დაიწყება, 21 ნოემბერს დასრულდება. საკვალიფიკაციო ეტაპზე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს 20 ნაკრები მოიპოვებს. UEFA-ს ერთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში გასული 12 ნაკრებიდან 3 ნაკრები ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს. გერმანიის ნაკრებმა ევრო 2024-ის საგზური მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე მოიპოვა.

ევროშესარჩევის გარდა საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე მოხვედრას ერთა ლიგის გზით ეცდება. სანიოლის გუნდმა C დივიზიონში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, ფლეი-ოფის ნახევარფინალურ შეხვედრას საკუთარ მოედანზე ყაზახეთთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სალვატორე ბანი: „15 წლის ხვიჩას სითამამემ გამაოცა“
სალვატორე ბანი: „15 წლის ხვიჩას სითამამემ გამაოცა“