სალვატორე ბანი: „15 წლის ხვიჩას სითამამემ გამაოცა“
სალვატორე ბანიმ, რომელიც 80-იან წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა, Corriere dello Sport-თან ინტერვიუში რაფაელ ლეაოსა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
„ასე არაა, რომ უპირატესობას ლეაოს ვანიჭებ, მაგრამ მოდით ვთქვათ, რომ ლეაო ორი წლით უფროსია, მან უმაღლეს დონეზე უფრო მეტი მატჩი ჩაატარა, განსაკუთრებით ევროტურნირებზე. ასევე, მან „მილანთან“ ერთად სკუდეტო მოიგო. მაგრამ მეორეს მხრივ, ვინ ელოდა ასეთ რამეს კვარაცხელიას მხრიდან? მე მისი თამაში მაშინ ვნახე, როცა 15 წლის იყო, გამაოცა მისმა სითამამემ. ის თითქოს მეგობრებთან ერთადაა, სიამოვნებითა და მხიარულებით თამაშობს მაშინაც კი, როცა საგოლე პასებს თანაგუნდელებს აძლევს და საოცრად მოქმედებს. რეალური განსხვავება კვარაცხელიასა და ლეაოს შორის? სატრანსფერო ფასი: კვარაცხელია 10 მილიონი ღირს“.
Corriere dello Sport-ი ერთმანეთს კვარაცხელიასა და ლეაოს ადარებს. ავტორიტეტული გამოცემა შემდეგს წერს:
„სტატისტიკაში პენალტით გატანილი გოლები რომ არ შევიყვანოთ, კვარაცხელია ბეტოსთან და იმობილესთან ერთად 5 გოლით სერია ა-ს ბომბარდირი იქნებოდა. პენალტების გარეშე 4 გოლი ლეაოას, დიას, ვლაჰოვიჩისა და დიბალას აქტივშია. კვარა და ლეაო მარცხენა გარემარბები არიან, მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა, ისინი სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე ეფექტური გარემარბები არიან“.
შეგახსენებთ, 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 9 თამაშში 5 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩში 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. გარდა ამისა, „რეინჯერსთან“ პენალტი მოიპოვა.