„ახლა სწორედ მისნაირი ფეხბურთელები გვჭირდება“ - რას წერს Juvefc.com-ი ხვიჩაზე
დღეს, იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ მაურიციო სარიმ „იუვენტუსს“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა 2019 წელს ურჩია, მაგრამ კლუბმა მისი სიტყვები უყურადღებოდ დატოვა. ამ ინფორმაციას Juvefc.com-მა სტატია მიუძღვნა და „კვარასთან“ დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
„Football Italia-ს მიხედვით, მაურიციო სარის კვარაცხელიას შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2019 წელს ჰქონდა, როცა იუვენტუსის სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და მისი გაფორმება სურდა, თუმცა კლუბმა მისი სიტყვები არ გაითვალისწინა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან, საშინელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 7 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული.
ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის შეცვლა სხვისი დახმარების გარეშე შეუძლია და ახლა მისნაირი მოთამაშეები გვჭირდება. ჩვენს გუნდს „გამარჯვებულები“ აკლია და ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა, რის გამოც პრობლემები გვაქვს, თუმცა არაა საჭირო იმაზე ვიფიქროთ, რა მოხდებოდა, ჩვენთან რომ გადმოსულიყო. ჩვენს ხელთ არსებული რესურსიდან მაქსიმუმი უნდა მივიღოთ და შემადგენლობა მომდევნო შანსის მიღებისას გავაძლიეროთ“.
21 წლის კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, 9 თამაშში 5 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა. მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას საკუთარ კედლებში, „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართავს.