კასანო ხვიჩაზე: „მალე ნაპოლის დატოვებს და ტოპ კლუბში გადავა“
„რეალისა“ და „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. იტალიელმა შემტევმა „კვარას“ მიმართ საქებარი სიტყვები არც ამჯერად დაიშურა და განაცხადა, რომ მალე იგი კარიერას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კლუბში გააგრძელებს.
„ამ წუთისთვის, კვარაცხელია სიურპრიზი აღარაა. საწყის შეხვედრებში შეიძლებოდა, ყოფილიყო, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა. ამ ბიჭის ხასიათი შთამბეჭდავია. ვსაუბრობთ ქართველ ფეხბურთელზე, რომელიც განსხვავებული ჩემპიონატიდან გადმოვიდა და მას არავინ იცნობდა. მასზე მეც არაფერი ვიცოდი. საოცარი სტაბილურობით გამოირჩევა და საშუალოდ მატჩში 1 გოლსა და 1 ასისტს აკეთებს. ეს ბიჭი მაგიჟებს!
ძლიერია, როგორც მოკლე, ისე გრძელ მონაკვეთებში და ორივე ფეხით თამაში შეუძლია. ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებს და გოლები გააქვს. თუ ასე განაგრძო, ნაპოლის მიმართ არსებული პატივისცემის მიუხედავად, მალე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდში გადავა, რადგან ამ დონის ფეხბურთელია. სიტიში, გრილიშის ადგილას ცალი ფეხით ითამაშებდა, რადგან უფრო მეტი ხარისხი, იდეები და ხასიათი აქვს“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მომდევნო გაჩერება „ბოლონიაა“, რომელსაც 16 ოქტომბერს, საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.