Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი: „კვარას გამოსასყიდი მინიმუმ 200 მილიონი უნდა იყოს“
Sky Sport Italia-ს ჟურნალისტმა, ლუკა მარკეტიმ ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიზე“ და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, „კვარას“ სატრანსფერო ღირებულება მინიმუმ 3-ჯერ გაიზარდა და მისი გამოსასყიდი თანხა სულ მცირე 200 მილიონი უნდა იყოს.
„ეს ნაპოლი იდეალურ გუნდობასთან ძალიან ახლოსაა და ფეხბურთელები, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში ბრწყინვალედ ასპარეზობენ. სპალეტიმ მანქანა შექმნა, რომელიც უნაკლოდ მუშაობს და თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ჩვენ გვინდა, პარტენოპეისთვის ეპითეტების მოფიქრება ისტორიას მოუწევს. დღესდღეობით, ფეხბურთელის ფასის განსაზღვრა მყიდველსა და გამყიდველზეა დამოკიდებული, თუმცა კვარას სატრანსფერო ღირებულება ალბათ, მინიმუმ 3-ჯერ გაიზარდა. ხვიჩას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა უნდა ჩაიწეროს და ის 130 მილიონზე მეტი უნდა იყოს. მინიმუმ 200 მილიონი“.
საინტერესოა, რომ „კვარაზე“ Calciomercato-ც წერს და აცხადებს: „თუ ლეაუს ფასი 150 მილიონი ევროა, მაშინ კვარაცხელია რა ღირს? ნაპოლის მისი შეძენა 10 მილიონი დაუჯდა და დღესდღეობით, იგი 5-6-ჯერ უფრო ძვირი ღირს. მის ფასს სატრანსფერო ბაზარი განსაზღვრავს. ლეაუთი ტოპ კლუბები უკვე დაინტერესდნენ და მალე იგივე კვარას შემთხვევაშიც მოხდება, რომელიც იტალიური და ევროპული ფეხბურთის ნამდვილ ვარსკვლავად ყალიბდება“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ მომდევნო გაჩერება „ბოლონიაა“, რომელსაც 16 ოქტომბერს, საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.