„შეუჩერებელი გოლების მანქანა“ - Forbes-ის სტატია ხვიჩას ნაპოლიზე
ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი“ ავტორიტეტული Forbes-ის ყურადღების ცენტრში მოექცა. ცნობილი გამოცემა „პარტენოპეის“ სტატიას უძღვნის და ნეაპოლელთა მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენებ თამაშს ეხმაურება.
შეძლებს ვინმე სპალეტის გოლების მანქანის შეჩერებას? დავაკვირდეთ ნაპოლის შთამბეჭდავ სეზონს
„როცა ინსინიემ, მერტენსმა და კულიბალიმ ნაპოლი დატოვეს, იტალიელი ქომაგების უმრავლესობას გაუჩნდა კითხვა, იქნებოდა თუ არა ახალ სეზონში პარტენოპეი კონკურენტუნარიანი გუნდი. რეალურად, ძალიან ცოტა ელოდებოდა, რომ სპალეტის ბიჭები დომინანტი, როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე იქნებოდნენ. სეზონის დაწყებიდან 2 თვეა გასული და მთავარი კითხვა ისაა, შეძლებს თუ არა ვინმე გოლების მანქანის შეჩერებას.
ნაპოლი სერია A-ში დაუმარცხებელია და პირველ ადგილს იკავებს. პარტენოპეის საუკეთესო შეტევა ჰყავს და 9 თამაშში 22 გოლი გაიტანა. სპალეტის ბიჭებმა 9 გოლი გაუშვეს და სერია A-ს საუკეთესო დაცვის მქონე გუნდებს შორის, იუვენტუსთან მე-3 ადგილს იყოფენ. შთამბეჭდავია ის, რომ ნაპოლიმ თავისი ლიდერები ასე სწრაფად ჩაანაცვლა და დიდწილად ეს მისი მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის დამსახურებაა. ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ლორენცო ინსინიე ჩაანაცვლა, განსხვავებას პირველივე შეხვედრიდან ქმნის. მან სერია A-ში 5 გოლი გაიტანა, თანაგუნდელებს 2-ჯერ გაატანინა და თავისი დრიბლინგით მეტოქე გუნდების მცველებს აგიჟებს.
კვარას გარდა, რასპადორი, სიმეონე და კიმ მინ ჯე გამოირჩევიან და ახალმა შენაძენებმა კლუბზე გავლენა სწრაფად მოახდინეს. პარალელურად, ვეტერანებმა მოუმატეს და ნაპოლიში შეიქმნა სინერგია, რომელიც საშუალებას იძლევა, გუნდმა სანახაობრივი და დინამიკური ფეხბურთი, როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპარეზზე აჩვენოს. ნაპოლის სტილი ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებული აღმოჩნდა. პლეიოფის საგზური მათ პირველმა მოიპოვეს, 4-დან 4 მოგება აქვთ და 17 გოლი გაიტანეს, რაც ლიგაზე საუკეთესო შედეგია. შეტევითი პოტენციალის ყველაზე ნათელი გამოვლინება ლივერპულთან გამართულ მატჩში ვიხილეთ, როცა მათ წითლები განაიარაღეს და ისინი 4:1 დაამარცხეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ შეხვედრაში, აიაქსს 10 ბურთი შეუგდო.
ამაზე შთამბეჭდავი ისაა, რომ ნაპოლი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და სოლიდური გუნდი სახელფასო ბიუჯეტის შემცირების პარალელურად გახდა. როგორც Calcio e Finanza-ს ამბობს, ნაპოლის სახელფასო ბიუჯეტი 30 პროცენტით შემცირდა, რაც ინსინიესა და კულიბალის დონის ვარსკვლავების წასვლამ განაპირობა“, - წერს Forbes-ი.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ მომდევნო გაჩერება „ბოლონიაა“, რომელსაც 16 ოქტომბერს, საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.