„როცა კვარას ვუყურებ, სულ ჯორჯ ბესტი მახსენდება“ - იტალიელი კომენტატორი
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, „აიაქსის“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას საოცარ თამაშს იტალიაში და არამხოლოდ იტალიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავ ევროპულ სააგენტოში ქართველი ფეხბურთელის შესახებ არაერთი სტატია იწერება, სადაც კვარას ქება-დიდება მიდის.
მათ შორის, ტელევიზიის სოციალურ ქსელებში ვრცელდება კონკრეტული ჟურნალისტების შეფასებებიც, რომლებიც „ნაპოლის“ თამაშზე ხვიჩას გავლენის შესახებ საუბრობენ. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც 21 წლის ფეხბურთელზე ისაუბრა ცნობილი იტალიური ტელეარხის, „რაი სპორტის“ კომენტატორი ფრანჩესკო რეპიჩეა.
რას ამბობს რეპიჩე:
ვიცი, რომ როდესაც მას მარადონას ვადარებდი, შესაძლოა ოდნავ გადაჭარბებული იყო, მაგრამ ეს გულიდან მოდიოდა... ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც ამას არ ეთანხმებოდა, ამაზე არაერთი ღამე ვფიქრობდი. მე ვხედავ ბიჭს, 77 ნომერს, რომელსაც წინდები ჩაწეული აქვს და თმა აქვს ოდნავ ჩამოშლილი. ყოველ ჯერზე, როდესაც მას ვუყურებ, უფრო მეტს ვფიქრობ „ბელფასტის ბიჭზე“ (ასე ეძახდნენ ჯორჯ ბესტს)... ჩემთვის ის არ არის ნორმალური მოთამაშე, ის რაღაც სხვაა...
შეგახსენებთ, რომ „აიაქსის“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ჯერ ჯაკომო რასპადორის გაატანინა, 62-ე წუთზე კი პენალტი გაიტანა და ანგარიში 3:1 გახადა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგამ ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
საერთო ჯამში, მიმდინარე სეზონში, ქართველ ფეხბურთელს ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით ჩატარებულ 13 მატჩში 7 გოლი (2 ჩემპიონთ ლიგაზე, 5 სერია A-ში) და 7 საგოლე გადაცემა (3 ჩემპიონთა ლიგაზე, 4 სერია A-ში) აქვს.