„კვარას თამაშს ყოვეთვის თან ახლავს „მარადონას“ შეძახილი...“ - იტალიური პრესის გამოხმაურება
გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე „აიაქსს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. ტრადიციულად, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. 21 წლის ფეხბურთელმა ჯერ თანაგუნდელ ჯაკომო რასპადორის გაატანინა, რომლის შემდეგაც ანგარიში 2:0 გახდა, შემდეგ კი ნდომბელეს მოპოვებული პენალტი შეასრულა ზუსტად და ანგარიში 3:1 გახადა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა და სიმბოლური პრიზი გადაეცა.
ბუნებრივია, კვარას კარგ თამაშს ხმაურიანი შეფასება მოყვა იტალიურ მედიაში და მის მიმართ, სხვადასხვა გავლენიანმა სააგენტოებმა საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. ამასთან, მისი თამაში ამ გამოცემებმა უმაღლესი ქულებით შეაფასეს.
Gazzeta Dello Sport – 7.5 ქულა: ახლაც, მის თამაშებს თან ახლავს მარადონას შეძახილი - ოოოოოჰ... მისგან ყოველთვის რათაც ჩინებულს ელი და ქართველი იმედს არ გვიცრუებს. ასისტი და პენალტი, რომელიც ცივსისხლიანად შეასრულა.
Corriere dello Sport – 8 ქულა: კვარაცხელია ნამდვილად ბოლომდე იხარჯება და თავს წირავს ყველა თამაშში. ეს იმას ნიშნავს, რომ ის გუნდის ლიდერი ხდება. ის ფენომენია: გააგიჟა სანჩესი და ტეილორი, რომლებსაც გაფრთხილებებიც მიაღებინა, შემდეგ კი ჯაკომოს გაუკეთა საგოლე პასი. შეტევით ტრიოს მეტ სიმკაცრეს მატებს. შეუჩერებელი და შთამბეჭდავია.
Tuttosport – 7.5 ქულა: და როგორ აპირებთ მის გაჩერებას? ეს კითხვა იტალიისა და ევროპული გუნდების მარჯვენა მცველებს ეკუთვნის. გუშინ ტრავმის გამო არ ითამაშა რენშმა, რომელიც კვარაცხელიამ პირველ თამაშში ჭკუიდან გადაიყვანა, ახლა კი იგივე სანჩესთან გაიმეორა. კვარაცხელია მეტოქის დაცვაში თესავს პანიკას თავისი დრიბლინგებით, ითავისუფლებს სივრცეებს და ყოველთვის სურს თავისუფალი პარტნიორის პოვნა, ისევ როგორც გუშინ, რასპადორის გოლის შემთხვევაში. ის ეხმარება დაცვას, იღებს აპლოდისმენტებს, პენალტს გოლად აქცევს, ხელს აწერს 3:1-ს და გადის მოედნიდან ტაშის თანხლებით.
Il Mattino – 8 ქულა: მარჯვნივ, მარცხნივ... შესაძლოა, ბურთს ხშირად არ გასცემს, მაგრამ მის მიერ განხორციელებული ზიგზაგები ფეხბურთის არსს წარმოადგენს. როცა პოზიციას ტორევს, სანჩესის ინდივიდუალური მეურვეობა და ტომბერის, ან ბერგუისის ორმაგი დაცვაც უქმდება.
კვარა აიაქსის წინააღმდეგ:
მიმდინარე სეზონში, ქართველ ფეხბურთელს ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით ჩატარებულ 13 მატჩში 7 გოლი (2 ჩემპიონთ ლიგაზე, 5 სერია A-ში) და 7 საგოლე გადაცემა (3 ჩემპიონთა ლიგაზე, 4 სერია A-ში) აქვს.
ნეაპოლიტანური გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.