კატარის აეროპორტი მსოფლიო ჩემპიონატის დატვირთვისთვის მზად არ არის
კატარის აეროპორტი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვიზიტორების მასიური მიღებისთვის მზად არ არის. ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, დიდი დატვირთვის შემთხვევაში მგზავრების უსაფრთხოებას შესაძლოა საფრთხე შეექმნას.
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 1 თვით ადრე კატარში ფრენების რაოდენობა გაორმაგებულია (700-დან 1600-მდე დღის განმავლობაში), რის გამოც ადგილობრივ პერსონალს დიდი ზეწოლის თანხლებით უწევს მუშაობა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მუნდიალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ეს რიცხვი მინიმუმ გაორმაგდება. სპეციალისტები ვითარებას უკვე აფასებენ კრიზისულად.
საგულისხმოა, რომ აეროპორტის ადმინისტრაციას ფიზიკური რესურსიც არ ყოფნის და ისინი სამუშაოდ ისეთ ადამიანებს ქირაობენ, რომლებსაც საჭირო მომზადება არ გაუვლიათ. იწერება, რომ დამწყებებს დაახლოებით 20-დან 30 საათის განმავლობაში უტარებენ სწავლებას, თუმცა გამოცდილი პერსონალის აზრით, ეს აეროპორტის ტექნიკური და ოპერაციული საკითხების გადასაჭრელად საკმარისი არ არის.
ვარაუდობენ, რომ აეროპორტის პერსონალს, რომელიც სამუშაო პირობებით უკმაყოფილოა, აშინებენ და ამ პერიოდში სამსახურის შეცვლაშიც ხელს უშლიან. Daily Mail-მა კატარის სამოქალაქო ავიაციის ასოციაციის თანამშრომლების პირადი მიმოწერაც გაასაჯაროვა, სადაც ისინი შანტაჟზე და იმ შეზღუდვებზე საუბრობენ, რომელიც მათ ხელმძღვანელობამ დაუწესა.
ამის გარდა, ყველა თანამშრომელს გაუუქმდა შვებულება, რომლებიც მათ აგვისტოს ბოლოდან დეკემბრამდე დაგეგმეს.