ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი: „კვარა კაკას მახსენებს“
კლაუდიო ბრაკინო ცნობილი იტალიელი ჟურნალისტია, რომელიც მილანური გაზეთისთვის, Il Giornale-სთვის წერს. ბრაკინო „მილანის“ ქომაგია და რამდენიმე საათის წინ, „როსონერისა“ და „ნაპოლის“ შენაძენებზე, შარლ დე კეტელარეზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„როცა მილანმა დე კეტელარე იყიდა, ვიღაცამ იგი კაკას შეადარა. პირადად მე, ლეგენდარულ ბრაზილიელს ხვიჩა კვარაცხელია უფრო მახსენებს. კვარა კაკას სწრაფი დრიბლინგით, დარტყმებით, მოედნის ხედვითა და ფიზიკური სიძლიერით მახსენებს“.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის შემტევმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში გამართულ 9 შეხვედრაში 5 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა. ბომბარდირთა დავაში იგი ბეტოსთან, დიბალასთან, იმობილესთან და ვლაჰოვიჩთან ერთად მეორე ადგილზეა, მათ ანგარიშზე 5 გოლია. პირველ პოზიციას მარკო არნაუტოვიჩი 6 გოლით იკავებს.
„ნაპოლის“ რაც შეეხება, „პარტენოპეი“ სატურნირო ცხრილის ლიდერია და 23 ქულა აქვს. ლუჩანო სპალეტის გუნდი „ატალანტას“ 2 ქულით უსწრებს და მისი მომდევნო გაჩერება ჩემპიონთა ლიგაა. დღეს, თბილისის დროით, 20:45-ზე, კვარაცხელიას „ნაპოლი“ „აიაქსს“ დაუპირისპირდება.