ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა
Aa Aa

ნაპოლი VS აიაქსი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ნაპოლი“ „აიაქსს“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, CrystalSport ყველა საჭირო და საინტერესო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

წინა მატჩი

ამ გუნდების წინა ტურის დაპირისპირება საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. იტალიურმა კლუბმა მეტოქე 6:1 გაანადგურა. გამარჯვებაში კი უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ამ გამარჯვების შემდეგ, „ნაპოლი“ 9 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

„ნაპოლი“

სპალეტის გუნდს სერია ა-შიც კარგი პერიოდი უდგას. „პარტენოპეი“ წელს დაუმარცხებელია და სატურნირო ცხრილში 23 ქულით პირველ ადგილს იკავებს.

სერია ა-ს ბოლო ტურში „ნაპოლი“ კრემონეზეს“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებაშიც ხვიჩამ თავისი წვლილი შეიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ პენალტი მოიპოვა, ხოლო შემდეგ საგოლე პასი გააკეთა. ერთი სიტყვით, ნეაპოლელები „აიაქსთან“ დაპირისპირებას კარგ ხასიათზე ხვდებიან.

დანაკლისი:

„პარტენოპეის“ ბანაკში სასიამოვნო ინფორმაციაა. გუნდს ვიქტორ ოსიმენი დაუბრუნდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ათამაშებს თუ არა სპალეტი მას. იტალიურ კლუბს „აიაქსთან“ რაჰმანი არ ეყოლება, რომელიც ძირითადი შემადგენლობის წევრია და მნიშვნელოვანი დანაკარგია.

რა თქვა სპალეტიმ მატჩის წინ?

„ითამაშებს თუ არა ოსიმენი რამდენიმე წუთს მაინც? როდესაც მე ის მოედნიდან გამყავს ცუდ რეაქციას არასდროს ვიღებ. ის ყოველთვის პოზიტიურია. სეზონის დაწყების წინ, მას ვუთხარი, რომ ლიდერი უნდა იყოს. ვიქტორი ბრწყინვალე მოთამაშეა და ზოგადად, ძალიან გამიმართლა, რომ შეტევის ხაზში სამი სხვადასხვა ტიპის შემტევი მყავს. ასე ლავირების შესანიშნავი შესაძლებლობა მაქვს.

შევცვლი, თუ არა ძირითად შემადგენლობას? რთულია ამის თქმა, რადგან გუნდში ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობენ და შანსი ყველას უნდა მიეცეს. ჩემი აზრით, უსამართლობა იქნება ახლა თუ გეტყვით ვინ ითამაშებს და ვინ არა. ამ მომენტისთვის კარგი შედეგი გვაქვს და ყველამ მინდა გაიაზროს როგორი ხასიათის გამოვლენა დაგვჭირდა ამისთვის. ჩვენს ძალებში დარწმუნებულები ვართ და არასასიამოვნო სიტუაციებს თავიდან ავირიდებთ.

ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის განსხვავებული რიტმია. აქ ყველაფერი გაცილებით ინტენსიურია და სხვანაირად გვიწევს თამაში, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ სერია ა-შიც არიან გუნდები, რომლებიც ასეთ ფეხბურთს თამაშობენ და ყველასთან მძლავრად უნდა გამოვიდეთ. რაჰმანი ვერ ითამაშებს. ის ორი დღეა ტკივილს გრძნობს და რეალურად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოგვაკლდა.“

„აიაქსი“

ამსტერდამულმა კლუბმა ბოლო ორი ჩაგდებული მატჩის შემდეგ, ერედივიზიონში გაიმარჯვა. „აიაქსი“ უკანასკნელ ტურში „ვოლენდემს“ ესტუმრა და 4:2 დაამარცხა. სტუმართა მხრიდან გოლები ტადიჩმა, ბასეიმ, ბრობიმ და კლაასენმა გაიტანეს. ამ მომენტისთვის, „აიაქსი“ სატურნირო ცხრილში 22 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ „ალკმაარს“ 1 ქულით ჩამორჩება.

დანაკლისი:

ამსტერდამელებს „ნაპოლისთან“ მატჩში გუნდის ლიდერი და მთავარი ბომბარდირი დუშან ტადიჩი დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლებათ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას იჰატარენის და სანჩესის თამაშიც.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 12 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:45-დან დაიწყება.

რა თქვა შროიდერმა?

„რეალობა ისაა, რომ სიტუაცია ძალიან რთულია, მაგრამ თუ „ნაპოლის“ დავამარცხებთ, სიტუაცია გაცილებით უკეთესი გახდება. რწმენა ყოველთვის ჩვენთან არის. როდესაც „ლივერპულს“ ამარცხებ და შიდა ჩემპიონატში თითქმის ყველაფერს იგებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან კარგი გუნდი ხარ. ასეთია დღეს „ნაპოლი“.

ტადიჩი მნიშვნელოვანი დანაკლისია. მის გარეშე „აიაქსი“ სულ სხვა გუნდია, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით დადებითი შედეგის დაფიქსირებას. ვფიქრობ, წინა მატჩის შედეგი რეალობას არ ასახავს.“

გაზიარება: