ბუდუ ზივზივაძე, მოლ ფეჰერვარი
Aa
Aa

„იუდა“ - ქომაგთა აგრესია და ზივზივაძის მკაცრი სასჯელი

„მოლ ფეჰერვარმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბუდუ ზივზივაძე მეორე გუნდში დააქვეითეს. მიზეზად კლუბის მიმართ გამოხატული უპატივცემულობაა. 

CrystalSport-ის ცნობით, კლუბმა ქართველ ფეხბურთელს მედიასთან საუბარი აუკრძალა. კლუბმა ფეხბურთელს განუცხადა, რომ ერთი კვირის განმავლობაში მეორე გუნდში ივარჯიშებს და შემდეგ პირველ გუნდს დაუბრუნდება.

სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე დიდი დროა დარჩენილი, „მოლ ფეჰერვარმა“ კიდევ 7 შეხვედრა უნდა ჩაატაროს. რთული წარმოსადგენია, რომ სასჯელი იანვრამდე გაგრძელდეს. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში პირველ გუნდს დაუბრუნდება და ბუდუს მოედანზე ვიხილავთ, რადგან არამარტო გუნდის, არამედ უნგრეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მხოლოდ იმის თქმაც საკმარისია, რომ მიმდინარე სეზონში კონფერენს ლიგის ექვს შეხვედრაში 6 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი, თუმცა კლუბში განვითარებულმა წარუმატებელმა საკადრო პოლიტიკამ გუნდის თამაშის ხარისხზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, რაც შედეგშიც აისახა.

შეგახსენებთ, გუშინ, უნგრეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „მოლ ფეჰერვარი“ და „უიპეშტი“ დაუპირისპირდნენ. სტუმრებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს, მასპინძელთა ქართველი ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის ქმედებას კი დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ზივზივაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და Origo-ს თქმით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, „უიპეშტის“ ფეხბურთელებთან ერთად იცინოდა, როცა მისი თანაგუნდელები თავიანთ ქომაგებს ბოდიშს უხდიდნენ. ამასთან, ზივზივაძემ „უიპეშტის“ ერთ-ერთ მოთამაშეს მაისური გაუცვალა და მოედნის დატოვებისას „უიპეშტის“ მაისური ეცვა.

„მოლ ფეჰერვარი უიპეშტთან დამარცხდა და ცუდად ასპარეზობას განაგრძობს, თუმცა გულშემატკივრები აღშფოთებული იყვნენ იმით, რაც მატჩის შემდეგ მოხდა. კრახის შემდეგ, ქომაგებმა ფეხბურთელებს მოსთხოვეს, „მოლ ფეჰერვარის“ მაისურები გაეხადათ, მაგრამ მოთამაშეებმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს და რამდენიმე წამის შემდეგ გასახდელს მიაშურეს. ბევრად დიდი აღშფოთება გამოიწვია „ფეჰერვარის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც „უიპეშტში“ იყო განათხოვრებული. მან სტუმართა ფეხბურთელს მაისური გაუცვალა, შემდეგ მათი სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა და ბოლოს სტუმართა ქომაგებს ხელიც დაუქნია, სტადიონის დატოვებისას კი „უიპეშტის“ მაისური ეცვა“, - წერს fmc.hu.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე კლუბის გადაწყვეტილება და სასჯელი უსამართლო და საფუძველს მოკლებულია, რადგან მაისურების გაცვლა და ყოფილი კლუბის ქომაგების მიმართ პატივისცემის გამოხატვა ფეხბურთში დამკვიდრებული მოვლენაა. უცნაურია, კლუბმა ქომაგთა პრეტენზია რატომ გაითვალისწინა.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ „მოლ ფეჰერვარის'' ქომაგებმა სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელეს და ბუდუ ზივზივაძეს იუდას უწოდებდნენ.

შეგახსენებთ, რომ „მოლ ფეჰერვარი“ სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილს იკავებს და 11 ქულა აქვს. ბუდუს გუნდის მომდევნო მეტოქე „ვაშაშია“, რომელიც 6 ქულით ბოლო ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: “როდესაც ოსიმენი მოედნიდან გამყავს ცუდ რეაქციას არასდროს ვიღებ“
სპალეტი: “როდესაც ოსიმენი მოედნიდან გამყავს ცუდ რეაქციას არასდროს ვიღებ“