„იმდენად ძლიერია, შოკში ჩამაგდო“ - ნაპოლის ყოფილი ექიმი ხვიჩაზე
„ნაპოლის“ სამწვრთნელო შტაბის ყოფილმა უფროსმა ალფონსო დე ნიკოლამ რადიო Marte-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი გარემარბი შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციაშია.
„ველოდი თუ არა სეზონის ასეთ სტარტს? ვიცოდი „ნაპოლის“ სიძლიერე, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ვიმედოვნებდი და ველოდი, რომ „ნაპოლის“ კარგი სტარტი ექნებოდა, თუმცა არ ველოდი ასეთ ძლიერ დასაწყისს. თუ იანვარშიც ასე კარგად დავიწყებთ, სკუდეტოს მოვიგებთ. დარწმუნებული ვარ და ვამბობ: ძალიან კარგი სეზონია, ჩვენ ნამდვილად უნდა მოვიპოვოთ ჩემპიონობა.
თუ არჩევა მომიწევს, ყველაზე მეტად ვინ გამაოცა, კვარაცხელიას ვიტყვი, რადგან მან პირდაპირი მნიშვნელობით შოკში ჩამაგდო იმით, თუ რამდენად ძლიერია, თუ რამდენად კარგადაა ფიზიკურად მომზადებული“.
შეგახსენებთ, 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 9 შეხვედრაში 5 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა. ბომბარდირთა დავაში ბეტოსთან, დიბალასთან, იმობილესთან და ვლაჰოვიჩთან ერთად მეორე ადგილზეა, მათ აქტივში 5 გოლია. პირველ პოზიციას მარკო არნაუტოვიჩი 6 გოლით იკავებს.
სერია ა-ში 9 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 23 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან „ატალანტას“ 2 ქულით უსწრებს.
ლუჩანო სპალეტის გუნდი უახლოეს მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსთან“ „დიეგო მარადონაზე“ გამართავს (12 ოქტომბერი), სერია ა-ს მე-10 ტურში კი „ბოლონიას“ მიიღებს (16 ოქტომბერი).