„ყველაზე მეტად ვილიარეალი, სევილია და ვალენსია მეზიზღება“ - სკანდალი ესპანეთში
ესპანეთში ახალი სკანდალი აგორდა, რომელიც ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლუის რუბიალესს უკავშირდება. ესპანურმა გამოცემამ, El Confidencial-მა Whatsapp-ში გამართული მიმოწერის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც რუბიალესს მამამისთან ჰქონდა და მას ეუბნება, რომ ყველაზე მეტად „ვილიარეალი“, „სევილია“ და „ვალენსია“ ეზიზღება.
მიმოწერა 2020 წლის 18 იანვარს, „სევილიასა“ და „რეალის“ მატჩამდე გაიმართა. პირველ შეტყობინებაში რუბიალესი ამბობს: „მოდი, ვნახოთ ამ palangana-ს (მეტსახელი, რომლითაც სევილიაა ცნობილი) თუ მოვკლავთ. ჩემს საძულველ გუნდებს შორის სევილია მეორე ადგილს იკავებს“. რუბიალესი ასეთ პასუხს იღებს: „დიახ, ჩემთვის ვალენსია და სევილია არიან“, რაზეც ფედერაციის პრეზიდენტი სიცილის ემოჯით პასუხობს და ამბობს: „ჩემი საძულველი გუნდების მიმდევრობა ასეთია: ვილიარეალი, სევილია და ვალენსია“.
აღნიშნული მიმოწერის გასაჯაროების შემდეგ, „ვალენსიამ“, „სევილიამ“ და „ვილიარეალმა“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და რუბიალესის ქმედებები დაგმეს. მათი თქმით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან, ასეთი შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია და მისთვის ყველა კლუბი თანასწორი უნდა იყოს. ისინი რუბიალესს მოუწოდებენ, საჯარო განცხადება გააკეთოს და კლუბებსა და მათ ქომაგებს ბოდიში მოუხადოს.
საინტერესოა, რომ ზემოთ ხსენებული მატჩი „რეალმა“ 2:1 მოიგო და იმ შეხვედრაში „სევილიას“ გოლი არ ჩაუთვალეს, რომელიც ანდალუსიელთა აზრით, აშკარად ჩასათვლელი იყო. მატჩის შემდეგ ამაზე კლუბის საფეხბურთო დირექტორმა, რამონ როდრიგეს ვერდეხომ, იგივე მონჩიმ ისაუბრა და განაცხადა, რომ მსაჯმა აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო.