უნგრეთში ბუდუს აკრიტიკებენ - მისმა ქმედებებმა მოლ ფეჰერვარის ქომაგები აღაშფოთა
გუშინ, უნგრეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „მოლ ფეჰერვარი“ და „უიპეშტი“ დაუპირისპირდნენ. სტუმრებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს, მასპინძელთა ქართველი ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის ქმედებას კი დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ზივზივაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და Origo-ს თქმით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, „უიპეშტის“ ფეხბურთელებთან ერთად იცინოდა, როცა მისი თანაგუნდელები თავიანთ ქომაგებს ბოდიშს უხდიდნენ. ამასთან, ზივზივაძემ „უიპეშტის“ ერთ-ერთ მოთამაშეს მაისური გაუცვალა და მოედნის დატოვებისას „უიპეშტის“ მაისური ეცვა.
„მოლ ფეჰერვარი უიპეშტთან დამარცხდა და ცუდად ასპარეზობას განაგრძობს, თუმცა გულშემატკივრები აღშფოთებული იყვნენ იმით, რაც მატჩის შემდეგ მოხდა. კრახის შემდეგ, ქომაგებმა ფეხბურთელებს მოსთხოვეს, მოლ ფეჰერვარის მაისურები გაეხადათ, მაგრამ მოთამაშეებმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს და რამდენიმე წამის შემდეგ გასახდელს მიაშურეს. ბევრად დიდი აღშფოთება გამოიწვია ფეჰერვარის ქართველმა თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც უიპეშტში იყო განათხოვრებული. მან სტუმართა ფეხბურთელს მაისური გაუცვალა, შემდეგ მათი სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა და ბოლოს სტუმართა ქომაგებს ხელიც დაუქნია, სტადიონის დატოვებისას კი უიპეშტის მაისური ეცვა“, - წერს fmc.hu.
შეგახსენებთ, რომ „მოლ ფეჰერვარი“ სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილს იკავებს და 11 ქულა აქვს. ბუდუს გუნდის მომდევნო მეტოქე „ვაშაშია“, რომელიც 6 ქულით ბოლო გახლავთ.