„ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა ევროპაში“ - ბრაზილიური UOL-ის სტატია ხვიჩაზე
Uol.com-ი ბრაზილიური პორტალია, რომელსაც ყოველთვიურად 50 მილიონი უნიკალური მომხმარებელი სტუმრობს და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პორტუგალიურენოვანი ვებგვერდია. Uol.com-ი ბევრ თემაზე წერს და ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ რამდენიმე წუთის წინ, სტატია „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნა.
Kvara: ვინ არის ბიჭი მეტსახელად „შეუძლებელი“, ვინც ევროპული ფეხბურთის აღმოჩენა გახდა?
„აბა ხვიჩა კვარაცხელიას სახელისა და გვარის წარმოთქმა სცადეთ. რთულია ხომ? მარტივი არც ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენის სახელისა და გვარის დაწერაა. სწორედ ამიტომ, დასავლური პრესა მასზე საუბრისას მის მეტსახელს, „კვარას“ იყენებს. 21 წლის შემტევი ფეხბურთელი ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზია იმისა, რომ ნაპოლი სერია A-ს სატურნირო ცხრილს 23 ქულით ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგაზე 100-პროცენტიანი შედეგი აქვს.
77-ნომრიანი მაისურის მფლობელს, ვისი გუნდიც ხვალ აიაქსს შეხვდება და სასურველი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პლეიოფის საგზურს გაინაღდებს, პარტენოპეის მაისურით 6 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული. ხვიჩა საქართველოში დაიბადა. ქვეყანაში, რომელსაც საფეხბურთო ისტორიაში რელევანტური როლი არ ჰქონია და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე არც ერთხელ უთამაშია.
ქართველმა შემტევმა პროფესიონალურ დონეზე სადებიუტო შეხვედრა 16 წლისა და 7 თვის ასაკში ჩაატარა. 18 წლის ასაკში უკვე საქართველოს ნაკრებში თამაშობდა და მალევე რუსეთში, მოსკოვის ლოკომოტივში გადავიდა. უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, კვარაცხელიამ ფიფას მიერ შემოღებული წესებით ისარგებლა და სამშობლოში დაბრუნდა, ივლისში კი 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ ნაპოლის მიაშურა. ამ ტრანსფერიდან 3 თვეა გასული და ჩნდება სპეკულაციები, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, პარტენოპეის ხვიჩას სანაცვლოდ 5-ჯერ და 6-ჯერ მეტ თანხას შესთავაზებენ და წინადადებების ავტორები ინგლისური კლუბები იქნებიან.
ნაპოლის მაისურით წარმატებულმა ასპარეზობამ მას ორი მეტსახელი მოუტანა: ქართველი მესი და კვარადონა. ეს უკანასკნელი ნაპოლის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ფეხბურთელს უკავშირდება, რომლის სახელსაც კლუბის სტადიონი ატარებს. „რა თქმა უნდა, ეს მეტსახელი ძალიან მომწონს, მაგრამ მარადონასთან ახლოსაც არ ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ აქ კუმირი გავხდე“, - განაცხადა ხვიჩამ.
არგენტინელ ვარსკვლავთან შედარებების მიუხედავად, ხვიჩას შთაგონების წყარო კრიშტიანუ რონალდუა. სხვათა შორის, კვარაცხელია 77-ნომრიან მაისურს იმიტომ ატარებს, რომ 7 ნომერი, რომლითაც რონალდუ თამაშობს, ნაპოლიში დაკავებული გახლავთ და ელმასს ეკუთვნის.
„კრიშტიანუ ჩემი კუმირია, თუმცა თავდაპირველად გუტი მომწონდა და როცა თბილისის ქუჩებში, ჩემს მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი, მეცვა თეთრი მაისური, რომელზეც მისი გვარი ეწერა“, - განუცხადა კვარამ Gazzetta dello Sport-ს“, - წერს UOL.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. 12 ოქტომბერს, თბილისის დროით, 20:45-ზე, „პარტენოპეი“ „აიაქსს“ დაუპირისპირდება, რომელიც სტუმრად 6:1 გაანადგურა.