სამართლიანი იყო თუ არა მსაჯების გადაწყვეტილება - ათაბეგაშვილი -90 კილოს აფასებს
გუშინ, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე -90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საგულისხმოა, რომ ორივე ძიუდოისტმა ნახევარფინალამდე შეძლო მისვლა და დიდი შანსი იყო, რომ ისტორიაში პირველად ქართული ფინალი გვეხილა, თუმცა ლაშა ბექაურს უზბეკ ბობონოვთან აკრძალული ილეთის გაკეთების მცდელობის გამო წაგება ჩაეთვალა, ლუკა მაისურაძე კი იტალიელ მეტოქესთან ბოლო წამებზე გაკეთებული გდებით დამარცხდა.
ბექაურთან მიმართებით მსაჯების გადაწყვეტილებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა და ბევრმა გულშემატკივარმა ის უსამართლოდ მიიჩნია. „კრისტალსპორტი“ ცოტა ხნის წინ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, გიორგი ათაბეგაშვილს ტაშკენტში დაუკავშირდა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განმარტების გაკეთება სთხოვა.
რა გვითხრა ათაბეგაშვილმა:
-90 კგ. წონითი კატეგორიაში ჩვენთვის იდეალურად მიდიოდა მსოფლიო ჩემპიონატი. ორივე ფალავანმა ნახევარფინალში შეძლო გასვლა და ორივემ უმძიმესი ბრძოლები გადაიტანა. საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდნენ და ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი ქართული ფინალი გვეხილა. თუმცა მოხდა ის, რაც ვნახეთ. რაც შეეხება ლაშა ბექაურს, ახალი წესებიდან გამომდინარე, ტატამიზე მისი შეხებისას პირველი წერტილი იყო თავი, რის გამოც მას წაგება ჩაეთვალა. სამწუხაროდ, შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის მოგვიწია ბრძოლა და იქ უკვე უზადოდ შეასრულა თავისი საქმე. როგორც თვითონ აღნიშნა, ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე დავრწმუნდიო, რომ ყველას დამარცხება შემიძლიაო... ის მართლაც შეუჩერებელი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ არა ის ემოცია, მცირე შეცდომა და გარკვეულწილად მასპინძლის ფაქტორიც, იგი შეძლებდა მოწინააღმდეგის დამარცხებას და შემდეგ უკვე ოქროს მედლის აღებას. ახალი წესების გამო მსგავსი მიზეზით მსოფლიო ჩემპიონატიდან ბევრი სპორტსმენი მოიხსნა.
რაც შეეხება ლუკა მაისურაძეს, სამწუხაროდ შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე დავმარცხდით. ლუკა საუკეთესო ფორმაშია და კიდევ აღვნიშნავ, რომ ძალიან დაგვწყდა გული არამხოლოდ ქართველებს, არამედ სრულიად ძიუდოს სამყაროს, რომ ქართული ფინალი ვერ ვიხილეთ.
მაგრამ უნდა ითქვას, რომ მედალი მედალია და ეს მსოფლიო ჩემპიონატია. აქედან მედალს უბრძოლველად არავინ გაგატანს. წინა დღეებში ვიხილეთ ჩვენი წარუმატებელი გამოსვლები და სასიხარულოა, რომ უკვე სამი მედალი გვაქვს და კიდევ არის იმედები, რომ ჩვენი გამოსვლა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე 3 მედალია: 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს. ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიო ჩემპიონი -81 კგ. წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი გახდა.