„კლუბს ხვიჩას შეძენა რომ შევთავაზო, სამსახურიდან გამიშვებენ“ - სანიოლმა კვარაზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა RMC Sport-ს ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. სანიოლმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ლიგა 1-ის კლუბებს „კვარას“ გადაბირება შესთავაზა, მაგრამ ტრანსფერის გაჩარხვა არავინ ისურვა და მათგან დამცინავი პასუხიც მიიღო.
„იყო შემთხვევა, როცა მთხოვეს, კვარაცხელიასთვის ლათინურ-ამერიკული მეტსახელი მომეძებნა და მახსოვს, ერთ-ერთი კლუბისგან ასეთი პასუხიც მივიღე: „ჩემს პრეზიდენტს ეს ტრანსფერი რომ შევთავაზო, სამსახურიდან გამიშვებენ“.
სანიოლმა ფრანკ რიბერიზეც ილაპარაკა და კვარაცხელია ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელს შეადარა: „დიახ, მათ შორის განსხვავებები არსებობს, მაგრამ როცა რიბერი 21 წლის იყო და ბურთი ჰქონდა, ყოველთვის წინ მიდიოდა და აწვდიდა ან კარისკენ ურტყამდა. კვარაცხელიაც იმავეს აკეთებს და მასაც იგივე მიზნები აქვს. იტალიაში გატარებული 3-4 თვის შემდეგ, იგი უმატებს და შეუძლია, უფრო ეფექტური იყოს. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი გოლი ვერ გაჰქონდა და დღესდღეობით, ყველაფერი სხვანაირადაა. მას 12 შეხვედრაში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული. რა თქმა უნდა, ნაკლი ყველას აქვს. მას კარისკენ დარტყმა უყვარს და ამას უნდა შევეგუოთ. კარგი იქნება, კომბინირებულ თამაშში თუ მოუმატებს, მაგრამ ჩაკეტილი და სწორხაზოვანი არ უნდა გახდეს. არაპროგნოზირებად ფეხბურთელად უნდა დარჩეს და ბალანსის პოვნა მასზეა დამოკიდებული“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. 12 ოქტომბერს, თბილისის დროით, 20:45-ზე, „პარტენოპეი“ „აიაქსს“ დაუპირისპირდება, რომელიც სტუმრად 6:1 გაანადგურა.