ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის ცენტრალური შეხვედრა „სან სიროზე“ შედგება, სადაც ადგილობრივი „მილანი“ ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლებს. გუნდებს შორის პირველი დაპირისპირების შემდეგ, რომელიც ლონდონელებმა 3:0 მოიგეს, მთავარი ინტრიგა პიოლის გუნდზე დგას.
ჩელსი 3:0 მილანი
შეძლებს თუ არა „როსონერი“ რევანშის აღებას და ნაწილობრივ შელახული რეპუტაციის გამოსწორებას, ამას ხვალ, საქართველოს დროით 23:00 საათზე გავიგებთ.
მანამდე კი Crystalsport-ი ორივე გუნდის ბოლოდროინდელი შედეგების შესახებ მოგიყვებათ როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე.
მილანი
დავიწყოთ მასპინძელი გუნდით. „როსონერის“ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული სტარტი ნამდვილად არ ჰქონია. სტეფანო პიოლის გუნდს საწყის სამ თამაშში მხოლოდ 4 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებენ. „მილანმა“ პირველ შეხვედრაში სტუმრად „ზალსბურგის“ დამარცხება ვერ შეძლო (1:1), მეორე ტურში კი „სან სიროზე“ ზაგრების „დინამოს“ 3:1 სძლიეს. თუმცა, ბოლო ტურში „როსონერიმ“ ლონდონის „ჩელსისთან“ უშანსოდ, 0:3 წააგო, თან ისე, რომ რეალური საგოლე მომენტიც ვერ შექმნა. პიოლის გუნდს 3 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი და საკუთარ კარში 5 ბურთი მიიღო.
სერია A
რაც შეეხება იტალიის ჩემპიონატს, აქ ბუქმეიკერები „როსონერის“ გათამაშების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოიაზრებენ და ვარაუდობენ, რომ პიოლის გუნდი ჩემპიონობას ზედიზედ მეორედ იზეიმებს. „მილანს“ 9 ტურის შემდეგ 6 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება აქვს, სატურნირო ცხრილში კი 20 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ „ნაპოლის“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. მილანელებმა ბოლო ტურში ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, ტურინის „იუვენტუსი“ დამაჯერებლად, ფუკაიო ტომორისა და ბრაჰიმ დიასის გოლებით 2:0 დაამარცხეს.
დანაკლისი:
ჩელსისთან მატჩისთვის პიოლის მნიშვნელოვანი დანაკლისი ექნება. ხვალინდელ შეხვედრაში გუნდს ერთბაშად 8 ფეხბურთელი - კალაბრია, კეტელარი, ფლორენცი, იბრაჰიმოვიჩი, კიაერი, მენიო, მესიასი და საელემაკერსი ვერ დაეხმარებიან.
რა თქვა პიოლიმ მატჩის წინ:
უნდა დავამტკიცოთ, რომ ლონდონური მატჩის შედეგი უბრალოდ ცუდი თამაშის გამო დადგა და ეს ნორმა არაა. ლონდონში ჩვენი თამაშით ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით. ჩვენივე შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და ხვალ უნდა გამოვასწოროთ. „მილანს“ ეჭვები ვერ უნდა მოერიოს.
უნდა გამოვიდეთ და იმ დონეზე უნდა ვითამაშოთ, როგორც გვჩვევია. სანერვიულო არაფერი გვაქვს, ხვალ კიდევ ერთი მატჩი იქნება და კიდევ ერთი გამარჯვებაა დაგეგმილი. უბრალოდ, ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.
ჩელსი:
ჩემპიონთა ლიგაზე არადამაჯერებელი სტარტისა და ტომაშ ტუხელის გათავისუფლების შემდეგ, კლუბის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე დებიუტი გრანდიოზული აღმოჩნდა. გრაჰამ პოტერმა პირველივე შეხვედრაში „მილანი“ საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა, რასაც თან ახლდა გუნდის სრული დომინირება და შთამბეჭდავი სათამაშო ხარისხი. 3 ტურის შემდეგ „ჩელსი“ სატურნირო ცხრილში 4 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და მილანს როგორც ურთიერთშეხვედრებით, ისე ბურთების უკეთესი შეფარდებითაც უსწრებს - 4 გატანილი, 2 გაშვებული.
პრემიერ ლიგა:
გრაჰამ პოტერის გუნდი ინგლისის ჩემპიონატშიც აღმავლობის გზაზეა. „არისტოკრატებმა“ პრემიერ ლიგაში ზედიზედ სამი შეხვედრის მოგება მოახერხეს, ბოლო ტურში კი „სტემფორდ ბრიდჯზე“ „ვულვზს“ 3:0 დაამარცხეს, გოლები კი კაი ჰავერცმა, კრისტიან პულიშიჩმა და ბროიამ გაიტანეს. პოტერის გაწვრთილი გუნდი 8 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება.
დანაკლისი:
„მილანისგან“ განსვავებით, „ჩელსიში“ ტრავმების მხვრივ საგანგაშო მდგომარეობა არაა. ხვალინდელ შეხვედრაში მხოლოდ უესლი ფოფანას თამაშია გამორიცხული, რომელმაც 2 ტურის წინ მუხლის ტრავმა მიიღო. ნ’გოლო კანტეს თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
რა თქვა პოტერმა მატჩის წინ:
ახლა ვერ გეტყვით, როგორი შემადგენლობით ვითამაშებთ, შეგიძლიათ დაელოდოთ ხვალინდელ თამაშს და ამას თქვენი თვალით იხილავთ. თუმცა, გეტყვით, რომ იმ ვარიანტებით, რაც გვაქვს ნამდვილად კმაყოფილი ვარ. რთულ თამაშს ველით, რადგან „მილანს“ ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს და მართლაც ძლიერი გუნდია.
სან სიროზე გამარჯვება არის ჩვენი მიზანი და სწორედ ამას უნდა ვეცადოთ. ეს წარმოუდგენელი ადგილია და აქ თამაში ძალიან რთულია. „მილანი“ საშინაო უპირატესობის გამოყენებას ეცდება, ისევე როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ, თუმცა გეტყვით, რომ ერთმანეთს ორი თანაბარი გუნდი დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებას მოუთმენლად ველი.
ურთიერთშეხვედრები:
„ჩელსი“ და „მილანი“ ერთმანეთს აქამდე შვიდჯერ დაუპირისპირდნენ. 4 შეხვედრაში გამარჯვება ლონდონურმა კლუბმა შეძლო, 2 მატჩი „როსონერის“ გამარჯვებით დასრულდა, ერთ შემთხვევაში კი გუნდები ფრეს დასჯერდნენ.