„ბევრად მეტია, ვიდრე უპატივცემულობა“ - გეი ფეხბურთელი კასილიასის პოსტს გამოეხმაურა
„ადელაიდას“ ფეხბურთელი, ჯოშუა კავალო, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, „ქამინგ აუთი“ გააკეთა, იკერ კასილიასისა და კარლეს პუიოლის პოსტებს გამოეხმაურა. კავალომ ესპანური ფეხბურთის ლეგენდები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი მხრიდან ეს უდიდესი უპატივცემულობა იყო.
„კასილიასისა და პუიოლის მხრიდან ქამინგ აუთზე ხუმრობები და დაცინვა იმედგამაცრუებელი იყო. ეს რთული გზაა, რომელიც LGBTQ+ საზოგადოების ნებისმიერმა წარმომადგენელმა უნდა გაიაროს. ჩემი მისაბაძი მაგალითები და საფეხბურთო ლეგენდები ქამინგ აუთსა და LGBTQ+ თემს დასცინიან. ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ უპატივცემულობა“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, იკერ კასილიასმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ გეი იყო და პატივისცემას ითხოვდა. მის სიტყვებს კარლეს პუიოლი გამოეხმაურა, რომელმაც დააკომენტარა: „იკერ, დრო მოვიდა, ჩვენი ისტორია მოვყვეთ“.
პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, კასილიასმა ის წაშალა და ახალი განცხადება გაავრცელა, რომელშიც თქვა, რომ ჰაკერული შეტევის მსხვერპლი გახდა. ესპანური პრესის ცნობით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და იკერმა უბრალოდ ბოროტად იხუმრა