„გეი ვარ“ - კასილასი Twitter-ზე
მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ლეგენდამ, იკერ კასილასმა სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ გეია. 41 წლის ვეტერანი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია, რომელმაც თავისი სექსუალური ორიენტაცია გამოამჟღავნა.
რას წერს იკერი TWITTER-ზე:
იმედი მაქვს, რომ პატივს მცემთ: მე გეი ვარ.
კასილასის პოსტს კომენტარებში კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი, კარლეს პუიოლი გამოეხმაურა, რომელიც წერს: „იკერ, დროა ჩვენი ისტორია მოვყვეთ“.
ამ განცხადების დაწერიდან დაახლოებით 1 საათში იკერის Twitter-გვერდზე აღნიშნული პოსტი გაქრა. ევროპულ მედიაში ვარაუდობენ, რომ ვეტერან ფეხბურთელს სოციალური ქსელი გაუტეხეს და ეს უბრალოდ ბოროტი ხუმრობა იყო. აქვე იწერება, რომ კასილასი მის გარშემო შექმნილმა ჭორებმა შეაწუხა, რაც ცნობილ ესპანელ წამყვანთან, ტამარა ფალკოსთან სასიყვარულო ურთიერთობას უკავშირდება და კასილასმა სპეკულაციებს პასუხი ამ პოსტით გასცა.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანი მეკარე რამდენიმე წლის განმავლობაში ესპანელ ჟურნალისტზე, სარა კარბონეროზე იყო დაქორწინებული, თუმცა ყოფილ ცოლს ის 2021 წლის მარტში დაშორდა.
ცნობისთვის, კასილასი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა. 41 წლის ვეტერანმა 2008 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, 2010 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მადრიდის „რეალთან“ ერთად მან 19 ტიტულის მოგება შეძლო.