„ჩვენი ოთახები ბინძური იყო.. ერთსა და იმავე საჭმელს დღეში სამჯერ ვჭამდით..
საშხაპეში ცხელი წყალი არ მოდიოდა.. არც ზამთარში..
გარეთ ადგილობრივი ბანდები ჩვენს გაძარცვას ცდილობდნენ..
მაგრამ ყველაზე ცუდი იცით რა იყო? დამლაგებელმა მუშაობა შეწყვიტა.. ამის სათქმელად ესთეტიური გზა არ არსებობს. მიდიხარ ტუალეტში და ისაქმებ.. შესაძლოა ქაღალდმა უნიტაზი გაჭედოს, ამიტომ ურნაში აგდებ.. მაგრამ, როდესაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ურნა არ ცარიელდება.. ნუ ხო გესმით, ყველაფერი გასაგებია ალბათ..
ეს იყო ჩემი საფეხბურთო ბანაკი ბრაზილიაში, კონკრეტულად კი გუაბირუბაში..
ჩემი ოჯახისგან 100 მილის მოშორებით ვცხოვრობდი..
სულ რაღაც 13 წლის ვიყავი..
იქაურობა ჯარს ჰგავდა. დღეში ორჯერ ვარჯიში და სწავლა. 50 მოთამაშე მძინარე ორსართულიან საწოლებში, ერთმანეთის გვერდით.. სან-პაულუში ჩასვლამდე სამ გუნდთან გავიარე საცდელი ვარჯიშები, მაგრამ სამივემ უარი მითხრა. ამიტომ ჩემს მშობლიურ ქალაქში იმბიტუბაში დავბრუნდი და ამ ბანაკში იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა მიმიწვია. მისი თქმით, ის ფეხბურთელები, რომლებიც თავს გამოიჩენდნენ იტალიაში წასვლის მცირე შანსი ექნებოდათ. რომელ ბავშვს არ უნდა იტალიაში წასვლა?
ბანაკში ჩასვლიდან სულ ცოტა ხანში პრობლემები დაიწყო. დამლაგებელი წავიდა, რადგან ხელფასს ვერ უხდიდნენ. 5-კაციან ჯგუფებად დაგვყვეს და თითო დღეს თითოეულ ფეხბურთელს გვიწევდა ყველაფრის დალაგება. თავიდან თითქოს არავინ თაკილობდა, მაგრამ ჯერ ერთმა ბავშვმა თქვა უარი, შემდეგ მეორემ და ასე გაგრძელდა. საბოლოოდ რა მივიღეთ? სიბინძურის ბუდე.. ტუალეტში შესვლისას სუნთქვის შეკავება გვიწევდა..
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ასეთი ცხოვრება ჩემთვის ნორმალური გახდა. მივხვდი, რომ ადამიანებს ყველაფერთან შეუძლიათ ადაპტირება. სიგიჟეა, რისი ატანა შეგიძლია, როცა გრძნობ, რომ არჩევანი არ გაქვს..
როცა რაღაც ისე ძალიან გინდა, რომ თავის დანებება არ შეგიძლია..
როდესაც 5 წლის ვიყავი, მამამ მკითხა, თუ რისი კეთება მინდოდა ცხოვრებაში. ვუპასუხე, რომ ფეხბურთელობას ვაპირებდი.
მამამ მითხრა: „ფეხბურთელობა არ არის მხოლოდ ის, რასაც ტელევიზორში ხედავ. ისინი რაღაცას დაგიშავებენ, მოგპარავენ, გულს გატკენენ, გატირებენ.. სახლში წასვლა და დანებება მოგინდება.. ახლა კიდევ ერთხელ გეკითხები? როცა გაიზრდები, რა გინდა, რომ გამოხვიდე?“
მე: „ფეხბურთელი!“
მე აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ დამლაგებლის წასვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ბანაკში დედაჩემი ჩამოვიდა და როდესაც ტუალეტის მდგომარეობა ნახა მოვიდა და მითხრა: „აიღე შენი ნივთები, სახლში მივდივართ.“
მე: „დე, მე არსად წასვლას არ ვაპირებ.“
დედა: „მესმის, რომ ეს შენი ოცნებაა, მაგრამ ჩემი შვილი ასეთ პირობებში არ იცხოვრებს.“
ვუთხარი, რომ თუ წასვლას მაიძულებდა და ამის გამო ფეხბურთელი ვერ გავხდებოდი, მთელი ცხოვრება მასზე ნაწყენი ვიქნებოდი.
დედა: „არა გთხოვ, ამას ნუ ამბობ..“
და შემდეგ დედამ ტირილი დაიწყო..
მე: „ეს ჩემი შანსია. არ მაინტერესებს, რომ აქ რთული პირობებია. შემიძლია 10 დღე ერთნაირი საჭმელი ვჭამო. შემიძლია ბინძურ ტუალეტში ვიარო. ეს არაფერს ნიშნავს.“
მან უბრალოდ შემომხედა..
მე: „სერიოზულად ვამბობ..“
დედამ აღარაფერი თქვა, ტიროდა და წავიდა..
ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული დღე იყო. თქვენ უნდა გესმოდეთ რას ნიშნავდა ეს მისთვის.. ის არ არის იმ დედების კატეგორია, რომლებსაც ფეხბურთი არ უყვართ და არ ესმით. პირიქით, თუ კი რაიმე ნიჭი და ტალანტი მაქვს ყველაფერი დედაჩემმა მომცა..
ვიცი, რომ მამა ბრაზდება, როცა ამას ვამბობ, მაგრამ მან კარგად იცის, რომ ეს ასეა.. დედა ფეხბურთელების ოჯახიდან არის და მოყვარულის დონეზე დღემდე თამაშობს. როდესაც 5 წლის ვიყავი, ზღვის სანაპიროზე ერთად ვთამაშობდით და ძალიან ბევრ რამეს მასწავლიდა. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა.
რამეს სწორად თუ ვიზამდი მაქებდა..
ამის პარალელურად ძალიან მკაცრი იყო და გაფუჭებულ პასზე მეჩხუბებოდა.. არ აინტერესებდა, რომ მე მხოლოდ 5 წლის ვიყავი..
დედას ჩემთვის საუკეთესო სურდა. ბანაკში ბევრი რამ არ მომწონდა, მაგრამ ვიტანდი. ბევრი ნიჭიერი ბავშვი დანებდა და სახლში წავიდა..
აქ ორი წელი გავატარე..
და მადლობა ღმერთს, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. 2 წლის შემდეგ, „ვერონასთან“ კონტრაქტი გავაფორმე. ძველ მონასტერში დაგვასახლეს.. იქ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიყავით. სამი 2-სართულიანი საწოლი იდგა. ეს ბევრი არაფერ იყო, მაგრამ მე მაინც აღტაცებული ვიყავი..
იტალია!! ახლა ყველაფერი შესაძლებელი იყო..
პირველმა სამმა თვემ შესანიშნავად ჩაიარა, მაგრამ შემდეგ სევდიანი გავხდი. წარმოდგენა არ მქონდა როდის შევძლებდი სახლში დაბრუნებას. კვირაში 20 ევროს ვიღებდი და ამასაც ჩემი აგენტი მაძლევდა, რომელმაც იმ ბანაკში წამიყვანა, სადაც 2 წელი გავატარე.
ფულს ერთსა და იმავე რამეში ვხარჯავდი. მობილურის ბალანსის შევსება, კბილის პასტა, ჰიგიენური ნივთები.. თუ კი რამე მრჩებოდა სხვა ბავშვებთან ერთად ინტერნეტ კაფეში მივდიოდი და სხვადასხვა თამაშებს ვთამაშობდი.
ხანდახან, როცა მართლა ძალიან მინდოდა სიამოვნების მიღება, ვერონას ცენტრში მივდიოდი და „მაკდონალდსში“ „მილექშეიქს“ ვყიდულობდი. კარტოფილი ფრი? ბურგერები? უნდა დამევიწყებინა, რადგან ეს ყველაფერი მხოლოდ მდიდარი ბავშვებისთვის იყო. შემდეგ სკვერში ვჯდებოდი და უბრალოდ ვუყურებდი ხალხს, თუ როგორ მიდიოდნენ თავიანთ საქმეებზე. ვუყურებდი ჩიტებს და ტურისტებს და სხვადასხვა რაღაცებზე ვფიქრობდი. ასე ვატარებდი შაბათის შუა დღეს..
ჩემი სიტუაცია მარტოხელა ადამიანის ცხოვრებას ჰგავდა. წელიწადნახევარი ასე ვცხოვრობდი, ჩემთვის მხოლოდ ფეხბურთი არსებობდა. როდესაც 17 წლის ვიყავი და „ვერონას“ პროფესიონალურ გუნდთან ერთად დავიწყე ვარჯიში ჩემს აგენტთან უსიამოვნება მომივიდა. დეტალების მოყოლა არ მინდა, რადგან ეს გულს დღემდე ძალიან მტკენს. ფაქტობრივად ნაწილებად დავიშალე..
ორი წელი ვიტანჯებოდი ბრაზილიის ბინძურ საფეხბურთო ბანაკში..
იტალიაში კვირაში 20 ევროდ 18 თვე ვცხოვრობდი..
და ახლა ეს?
დედას ტირილით დავურეკე: „დედა, მე დავასრულე. ეს ჩემთვის ზედმეტია. მენატრები სახლში მოვდივარ.“
გონებით უკვე მშობლიურ სახლში ვიყავი..
მაგრამ დედამ თქვა: „შენთვის კარი დაკეტილია..“
მე: „რა?“
დედა: „სახლში არ დაბრუნდები. თუ ჩემს კართან დაგინახავ, არ გაგიღებ!“
შოკირებული ვიყავი. წარმოგიდგენიათ რა ხდება, როცა ამას მშობელი დედა გეუბნება?
მამას დავურეკე. ისინი დაშორებულები იყვნენ და მეგონა მასთან ცხოვრება შემეძლო, მაგრამ მისგანაც იგივე პასუხი მივიღე. კარს არ გამიღებდა..
შემდეგ მშობლები ერთმანეთს შეხვდნენ და დამირეკეს:
„დანებება იმის შემდეგ გინდა, რაც გამოიარე? იმ ყველაფრის მერე, რაც განიცადე? გამორიცხულია. გაინძერი, მოინდომე და შენი ოცნება ახდება.“
ჩემმა უფროსმა დამ მითხრა, რომ, როდესაც დედამ ტელეფონი გათიშა ცხარე ცრემლით ტიროდა..
მადლობა ღმერთს, ჩემი მშობლები საჭირო დროს ძალიან ძლიერები აღმოჩნდნენ..
საბედნიეროდ მათ დავუჯერე. ვიპოვე ახალი აგენტი ჟოაუ სანტუში, რომელიც დღემდე ჩემთან არის. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რაფაელს, რომელიც იმ კლუბში მეკარე იყო. როდესაც მხოლოდ 20 ევროს გამოვიმუშავებდი, მან სახლში წამიყვანა, მაჭამა და ტანსაცმელი მიყიდა. დღეს ის ჩემთვის ძმასავით არის. ჟოაუს და რაფაელის დიდი დამსახურებაა, რომ 2011 წელს „ვერონას“ პირველ გუნდში გადავედი. არასდროს დამავიწყდება ის, რაც მათ ჩემთვის გააკეთეს.
2014 წელს „ნაპოლიში“ გადავედი. ეს სულ სხვანაირი ქალაქია. ყველამ კარგად იცით, თუ როგორები არიან ნეაპოლიტანელები. აქ დიდი ვნებაა! ისინი თავიანთ მოთამაშეებს ღმერთებივით ექცევიან. სუპერ მარკეტში ვერ წახვალ, პარკში ვერ გაისეირნებ და ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ვერ იცხოვრებ, რადგან აქ ყველგან გულშემატკივრების არმია გესევა. როდესაც გარეთ გავდიოდი, სათვალეს ვიკეთებდი და კაპიუშონს ვიხურავდი. მამაჩემი მეხუმრებოდა, რომ თითქოს მე ძებნაში ვიყავი და პოლიციას ვემალებოდი.
ერთხელ ჩემი მეგობარი ჩამოვიდა ჩემს სანახავად. ჩვეულებრივ, „ნაპოლი“ კვირაობით თამაშობდა, მაგრამ მაშინ შაბათს ვითამაშეთ. მე კი დღეები ამერია.. ქალაქში საშინელი საცობი იყო. ყველგან მანქანები იყვნენ და თავისუფალი გზა არ არსებობდა..
ვიღაცას ვკითხე, თუ რომელი დღე იყო.. მიპასუხეს, რომ კვირა.. ჯანდაბა.. მეგობარს მივუბრუნდი და ვუთხარი: „ჩვენ ახლა მხოლოდ ღმერთის ხელში ვართ.“
ვცადეთ, რომ ტაქტიკურად გვემოქმედა. მანაქანიდან გადმოვედით, სათვალე გავიკეთე და კაპიუშონი დავიხურე. იქვე საცალფეხო ქუჩაზე გადავედი. მეგობარს ვუთხარი, რომ არაფრის გამო არ გაჩერებულიყო. ბოლოს, პიაცა დელ პლებისკიტოში გავჩერდით და დავიმალეთ. იმუშავა, ვერავინ შემამჩნია.
ცოტა ხანში გაქცევა იმავე გეგმით გადავწყვიტეთ, მაგრამ, როდესაც წინ გავედით გამოიცანით ვინ შემამჩნია და სურათის გადაღება მთხოვა? ბარის მიმტანმა. იცით რაზე გავბრაზდი? ყველას გააგებინა, რომ მე ჟორჟინიო ვიყავი. ხომ შეეძლო სურათის გადაღება ბარში ეთხოვა?
მან თქვა: „შიგნით, რომ მეთხოვა სამსახურს დავკარგავდი.“
დიდი საფრთხის წინაშე ვიყავით, რადგან ის ტერიტორია ხალხით იყო გადაჭედილი. გამოიცანით რა ქნა მიმტანმა? რა თქმა უნდა, სურათი გადაიღო და მობილურის ციმციმა სინათლეც აკაშკაშდა.
მოედანზე შეკრებილი ადამიანები შემობრუნდნენ, დამინახეს და დაიყვირეს: „ჟორჟინიოოოოოო“
ჩემს მეგობარს ვეუბნები: „ეს იქნება ომი“
ყველამ დაიწყო ჩემი სახელის ყვირილი. ყველას უნდოდა ფოტო, მათაც კი ვინც არ იცოდა ვინ ვიყავი!! ვფიცავ, თითოეულ მეტრზე სამ სურათს ვიღებდი. მეგონა სახლში ვერასდროს მივიდოდი. 30 წუთის შემდეგ, ქუჩის მხოლოდ ნახევარი გვქონდა გავლილი.
საბედნიეროდ ვიღაცამ გადამარჩინა. ის დიდი ბიჭი „ნაპოლის“ გულშემატკივართა ასოციაციის პრეზიდენტი იყო. ხელი გადამხვია და ყველას უთხრა: „მიეცით სახლში წასვლის საშუალება.“
მე: „ძალიან დიდი მადლობა“
ის ბიჭი: „არაფრის, მაგრამ ახლა ჩემი ჯერია. მოდი გადავიღოთ სურათი.“
მე: „ძმაო შენ მე გადამარჩინე, თუ გინდა 10 სურათი გადაიღე“
ეს სრული სიგიჟე იყო, მაგრამ ნეაპოლი მთელი თავისი სიგიჟით მიყვარს..
4 წლის შემდეგ, წასვლა ძალიან გამიჭირდა..
ლონდონური კარიერა სასიამოვნოდ არ დაიწყო. ყველას გახსოვთ რას ამბობდნენ ჩემზე. მე ნელი და სუსტი ვიყავი და „ჩელსიში“ მხოლოდ სარის გამო მიმიღეს..
მისმინეთ, მათ დამამცირეს.. ყველა გუნდში რთული დასაწყისი მქონდა. როდესაც „ვერონაში“ ჩავედი არავის ვჭირდებოდი. მათ იჯარის წესით მეოთხე დივიზიონში გამაგზავნეს. იქაც არავის ვჭირდებოდი, მაგრამ ბრძოლა გავაგრძელე და პატივისცემა დავიმსახურე. „ვერონაში“ დავბრუნდი და ჩვენ სერია ა-ში გადავედით. „ნაპოლიშიც“ რთული პერიოდი მქონდა, მაგრამ სარი მოვიდა და ყველაფერი დალაგდა. „ჩელსის“ სამწვრთნელო შტაბი? ვფიქრობდი, რომ მათ შევარცხვენდი..
ახლა კი მე აქ ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის ტიტულით ვზივარ. კრიტიკოსებს მხოლოდ ერთ რამეს ვეტყვი:
„დიდი მადლობა, მართლა დიდი მადლობა ყველას.“
ევროპის ლიგის მოგება საკმაოდ ემოციური იყო. გამარჯვებას ბაქოში მდებარე სასტუმროში ოჯახებთან ერთად აღვნიშნავდით, სადაც დედაჩემის კვალი დავკარგე. ძებნა დავუწყე და აივანზე მივადექი, საიდანაც ზღვა და ქალაქი კარგად ჩანდა. დილის 5 საათი იყო და მზე ამოდიოდა. წინ ულამაზესი ხედი გადაიშალა.
დედას ვკითხე: „დე ტირი?“
დედა: „ხო, მაგრამ ეს მხოლოდ სიხარულის ცრემლებია.“
შემდეგ მან დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რამდენად შორიდან მოვედი აქამდე, როგორ ამაყობდა ჩემით და როგორი წარმოუდგენელი იყო იმ ბავშვისთვის ამ ყველაფრის მიღწევა, რომელიც ბრაზილიის ბინძურ ბანაკში ვარჯიშობდა. დედა ყოველთვის ემოციურია გესმით?
მე ვუთხარი: „არ მინდა ტირილის დაწყება, მოდი უბრალოდ უკან დავბრუნდეთ.“
ის, რა თქმა უნდა, მართალი იყო. რაც მოხდა მართლაც წარმოუდგენელი იყო..
ჩემპიონთა ლიგის ფინალის დღეს არაფერი მიჭამია. ყოველი წამი 1 საათს ემსგავსებოდა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გრძელი დღე იყო..
როდესაც თამაში დაიწყო, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ რა უნდა გამეკეთებინა..
გოლს ჰავერცი გაიტანს, შემდეგ მსაჯი საფინალო სასტვენს მისცემს და ვსვამ კითხვას: „რა ხდება?“
ამას ვერ ახსნი. ერთდროულად უამრავი ემოცია გეუფლება. დედაჩემის მსგავსად სიხარულის ცრემლები წამომივიდა და იმდენი ვიტირე, რომ დავიღალე.. ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა, ძალიან..
ბოლომდე ამის გააზრების დრო არასდროს მქონია, რადგან ძალიან მალე ევროპის ჩემპიონატზე წავედი..
იტალიის ნაკრებში თამაში ჩემთვის განსაკუთრებულია. იტალიის არჩევა ადვილი იყო, რადგან ბრაზილიას ჩემთვის შანსი არასდროს მოუცია. იტალიამ მე ამირჩია, მიუხედავად იმისა, რომ იქ დაბადებული არ ვიყავი..
ბაბუაჩემი იტალიელია და სწორედ ამ მიზეზის გამო დამრთეს თამაშის ნება. თავს იტალიელად ვგრძნობ, რადგან ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი აქ გავატარე. ეს ქვეყანა ყოველდღიურად უფრო მიყვარდება..
და არასოდეს დამავიწყდება, რომ როცა დახმარება მჭირდებოდა, იტალია დამეხმარა..
როგორ შემეძლო ზურგის შექცევა, როცა იტალიას ვჭირდებოდი?
სიმართლე გითხრათ, ერთ რამეზე მაინც დამწყდა გული. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არ გამომიძახეს.. 2017 წელს, პლეი-ოფში შვედეთთან წავაგეთ და ეს ძალიან მტკივნეული იყო. ბუფონი ტიროდა, ის უკეთეს გაცილებას იმსახურებდა..
საბედნიეროდ, ისევ ფეხზე დავდექით და ეს მანჩინის დიდი დამსახურებაა. ზოგიერთი მწვრთნელი ფეხბურთელებს აიძულებს, რომ თავიანთ სტილს მოერგონ, მაგრამ მანჩინიმ თავისი სტილი ჩვენ მოგვარგო. მან დაინახა, რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერები არ ვიყავით, მაგრამ ლავირება შეგვეძლო. მინდა გითხრათ, მისი დავალებები ბრწყინვალედ შევასრულეთ..
დარწმუნებული ვიყავი, რომ ფინალში პენალტს გავიტანდი. დიახ, მე დარტყმის საკუთარი სტილი მაქვს. პიკფორდმა კარგად შემისწავლა, ის აუცილებლად უნდა შევაქო. როდესაც ბურთი კარში არ შევიდა ისეთი სიტყვები წარმოვთქვი, რომლებსაც ახლა აქ ვერ გავიმეორებ..
ძნელია იმის აღწერა, თუ როგორი გრძნობაა მთელი ერის დათრგუნვა. უბრალოდ ვლოცულობდი, რომ დონარუმას გადავერჩინე.. როდესაც ეს მან გააკეთა, მიწაზე დავეცი და ვერ ვიჯერებდი, რომ ევროპის ჩემპიონი გავხდი..
ცხადია, გამარჯვების შემდეგ, აღარ ჰქონდა მნიშვნელობა ჩემს გაფუჭებულ პენალტს, მაგრამ ეს გრძნობა არასდროს მიმატოვებს. თერთმეტმეტრიანის ვერ გამოყენება, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ სად? ევროპის ჩემპიონატის ფინალში? ვინც ამბობს, რომ ეს დაივიწყა, არ დაუჯეროთ, იტყუება..
მიუხედავად ამისა, წარმოუდგენლად ბედნიერი ვიყავი. დედაჩემი, რა თქმა უნდა, ტიროდა. ისეთივე შეგრძნება მქონდა, როგორც ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ. თქვენ გაქვთ ოცნება, მაგრამ არასოდეს ფიქრობთ, რომ ასე შორს წახვალთ.. როცა ამას გააკეთებ, მხოლოდ იმაზე ფიქრობ, თუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი..
ბინძური საფეხბურთო ბანაკი..
მონასტერი..
მშობლებთან დარეკვა..
და ახლა მე ევროპა დავიპყარი..
ამის აღწერა შეუძლებელია..
საწყალი მამა. ფინალის შემდეგ მითხრა: „ჟორჟი, ამის გაკეთება ჩემთვის არ შეიძლებოდა, ახლა კარდიოლოგს უნდა მივმართო, გული მაქვს ცუდად.“
რა თქმა უნდა, ის ხუმრობდა..
ვიცოდი, რომ იქ მშობლების გარეშე არ ვიქნებოდი. კარგად მინდა გესმოდეთ მათი მნიშვნელობა ჩემს ცხოვრებაში. იმ მომენტში ძალიან მინდოდა იმბიტუმბაში დაბრუნება და მათთან ერთად ფინალის ყურება. ასევე მინდა გესმოდეთ, თუ რა როლი აქვთ რაფაელს და ჟოაუს ჩემს ცხოვრებაში.. რა თქმა უნდა, ეს არის ისტორია ოცნების ბოლომდე ახდენის შესახებ. მაგრამ ეს ასევე ეხება თქვენს გვერდით კარგი ადამიანების ყოფნას.. ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ და მხოლოდ კარგი უნდათ..
თქვენ შეგიძლიათ იყოთ ისეთი კარგები, როგორიც გსურთ.. მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - ფეხბურთში მწვერვალზე მარტო ვერასდროს ახვალ, ეს შეუძლებელია.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჯადოსნური 1 კვირა გამოვიარე. ვერონაში დავბრუნდი და ის მონასტერი მოვინახულე, სადაც ვცხოვრობდი. სამწუხაროდ, ყველა შვებულებაში იყო, მაგრამ იქ დაბრუნება ჩემთვის საკმაოდ ემოციური გამოდგა.. შემდეგ მთავარ მოედანზე გავედი, „მაკდონალდსში“ შევედი და მილქშეიკი ვიყიდე. ჩამოვჯექი იმ ადგილზე, სადაც ნახევარი ბავშვობა გავატარე და უბრალოდ გარშემო ვიყურებოდი..
თვალები დავხუჭე და წარსული გავიხსენე. ვიგრძენი, რომ გვერდით ჩემი 15 წლის საკუთარი თავი მეჯდა. ყურადღებას არავინ მაქცევდა, არავინ იცოდა მონატრების და მშობლებთან იმ საუბრების შესახებ..
მე ისევ უბრალო ღარიბი ბავშვი ვიყავი, რომელიც ერთ ევროიან რძეს სვამდა..
მაგრამ მე ვიცოდი ყველა ის სირთულე და დაბრკოლება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გამოვიარე. ამიტომ თავი დავხარე და ჩურჩულით ვთქვი ის, რაც ყველა მეოცნებე ბავშვს მინდა ვუთხრა:
„არასდროს დანებდე, რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს დანებდე..“ - მე ჟორჟინიო ვარ