დამაჯერებელი გამარჯვება - საქართველომ ბელგიას მოუგო
ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა. „ჩვენებურებმა“ ბელგიას უმასპინძლეს და მძიმე ბრძოლაში 4:2 დაამარცხეს.
პირველი ტაიმი მეტნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა უფრო მეტ მომენტს საქართველო ქმნიდა. ტაიმის მიწურულს, კუთხურიდან გათამაშებული ბურთი ვილიანმა დაარტყა, მეტოქის მცველს მოხვდა და გოლი გავიდა. საქართველო დაწინაურდა.
მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და ძალიან მალე წონასწორობა აღადგინეს. ასათიანის შეგირდები არ გაჩერდნენ და ზეწოლა გააძლიერეს. უხეშობის გამო, მსაჯმა ბელგიას მეკარე გაუძევა და გარკვეული დროის განმავლობაში მოწინააღმდეგე კაცნაკლული იყო. ეს უპირატესობა საქართველომ გამოიყენა და ფერნანდომ გაიტანა.
ამის შემდეგ, ბელგია გააქტიურდა და დაცვის ხაზში სივრცეები რჩებოდა. ერთ-ერთი შეტევის დაწყებისას, სტუმრებმა შეცდომა დაუშვეს და რონინიომ ყუმბარისებული დარტყმით საქართველოს უპირატესობა კიდევ უფრო გაამყარა 3:1. შეხვედრის მიწურულს, სტუმრებმა ანგარიშის მინიმუმამდე დაყვანა შეძლეს. ბელგიამ ზეწოლა გააძლიერა და მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე კარი ცარიელი დარჩათ, რითიც თალესმა ისარგებლმა და საბოლოო შედეგი 4:2 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ბელგია საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩს ატარებდა. პირველ ტურში ბელგიამ ავსტრია დაამარცხა, ხოლო საქართველოსთვის ეს პირველი შეხვედრა იყო. მომავალ მატჩს ასათიანის შეგირდები სტუმრად ავსტრიის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება 12 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.