კრიშტიანუ რონალდუ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa Aa

კვარა: გუტი პირველი სიყვარულია, კუმირი რონალდუ... საზღვრები არ მაქვს...

ხვიჩა კვარაცხელიამ Corriere dello Sport-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა:

გვარის გამოთქმა: „ნეაპოლელებმა ჩემი გვარის გამოთქმა გააუმჯობესეს. ახლა უკეთ გამოთქვამენ. ჟურნალისტებიც და კომენტატორებიც. შევაფასო 1-დან 10 ბალით? 6 საკმარისია“.

ნაპოლის შეფასება: 10-ბალიანი სისტემით: „მარტივია, 10. ძალიან კარგი ფეხბურთელებით სავსე გუნდი. თუ ასე გავაგრძელებთ, ჩვენ შეგვიძლია იმაზე დიდ მიზნებს მივაღწიოთ, ვიდრე ეს ვინმეს ჰგონია“.

ტიტულები: „ჩემთვის ტიტული თითოეული გამარჯვებაა. ამსტერდამში, ისევე როგორც მარადონაზე, ეს იყო ბრწყინვალე, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ყოველთვის მეტია საჭირო“.

კვარამანია: „სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ყველას ან სულ ცოტა ბევრი ფიქრობს ასე, მაგრამ სწორედ ამიტომ, როცა ვთამაშობ, ყველაფერს ვიღებ მოედანზე. ასი პროცენტით ვიხარჯები. მაქსიმუმზე მეტს ვდებ“.

მიზნები: „ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ გავუმჯობესდე და მინდა გავაგრძელო, რადგან ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. ერთი რამ ცხადია: მსურს მწვერვალები დავიპყრო. კვარადონა თუ კვარავაჯიო? ამაზე არ ვფიქრობ და არც მინდა ვიფიქრო. არ შეიძლება. მარადონა ძალიან დიდია, ის ყველაფერზე დიდია. მე ჩემი „კვარაც“ მომწონს“.

ნაპოლი: „ნაპოლი არის ოჯახი, ძალიან გაერთიანებული ჯგუფი, რომელიც ბევრს მუშაობს და მიდის სწორი მიმართულებით. და რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძლიერი გუნდია“.

გუნდის მიზნები: „სკუდეტო, რა თქმა უნდა, ოცნებაა. ჩემპიონთა ლიგაზე ამ ეტაპზე მიზანი მერვედფინალია. არავის აქვს საზღვრები. ჩვენ შეგვიძლია ერთად გავიზარდოთ, ხელიხელჩაკიდებულები. არანაირი შეზღუდვა, მე და ნაპოლის საზღვრები არ გვაქვს. ჩემპიონობა იტალიაში თუ ჩემპიონთა ლიგა? რატომ უნდა ავირჩიო? იყოს ორივე".

ანჩელოტის მილოცვა: „დიდი ემოცია იყო, ამან გამახარა. მადლობას ვუხდი მთელი გულით".

შედარება ჯორჯ ბესტთან: „მე დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ამ საკითხებს და სხვა საკითხებთან ერთად, ვფიქრობ, რომ ძალიან რთულია ამ დონის მიღწევა. ვთქვათ, რომ მინდა მივაღწიო ჩემს დონეს: მე ვმუშაობ საკუთარი თავისთვის. რომ ვიყო კვარა“.

კუმირი: „კრიშტიანუ რონალდუ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირველი სიყვარული იყო გუტი მადრიდის რეალიდან. როცა მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი ჩემს ქალაქში, თბილისში, თეთრი მაისურები გვეცვა: ზურგზე მისი სახელი დავიწერე".

ოჯახი: „თითქმის ყოველთვის აქ არიან ჩემთან ერთად. ჩემი მშობლები და ჩემი ორი ძმა: ერთი უფროსი და ერთი უმცროსი. თორმეტი წლის. ისიც საქართველოში თამაშობს, ვიკინგებთან და მართლა ძალიან კარგია. ძალიან. მას თორნიკე ჰქვია. ის ნაპოლიში? რატომაც არა! ჩემი საცოლე? ამჟამად საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ ხანდახან მოდის ჩემთან. უნივერსიტეტში სწავლობს. მედიცინას".

ლოჩოშვილის შესახებ: „ჩვენ ძალიან ვმეგობრობთ, ბავშვობაში ვიცნობდით ერთმანეთს: დავიწყეთ დინამოდან და ახლა ერთად ვართ ნაკრებში. ძალიან მიხარია მისი აქ ნახვა“.

ქალაქი ნეაპოლი: „მე ვცხოვრობ სპორტულ ცენტრთან ახლოს და ათასი ვალდებულების ფონზე ჯერ არ მქონია დრო, რომ ქალაქი მოვინახულო, ისე როგორც მე მინდა, მაგრამ რაც ვნახე სტუმართმოყვარე და სიყვარულით სავსე ქალაქია. გულშემატკივრები და ზოგადად ქალაქი არაჩვეულებრივია. ისეთივეა როგორადაც აღმიწერდნენ. აქ კერძებიც ძალიან კარგია. ყოველთვის მიყვარდა მაკარონი, თუნდაც ჩემს ქვეყანაში. ასე რომ ჩემთვის ის იდეალურია“.

გაზიარება: