დინამო ბათუმი, დინამო თბილისი, დავით სხირტლაძე
Aa
Aa

ახალი ლიდერი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში - დინამო თბილისმა დინამო ბათუმს მოუგო!

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურში, ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირება ვიხილეთ. „დინამო არენაზე“ „დინამო თბილისმა“ „დინამო ბათუმი“ მიიღო და უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მინიმალური ანგარიშით მოიგო - 1:0.

მატჩის პირველ ტაიმში, გუნდებმა არ გარისკეს და მეტოქეთა სუსტ წერტილებს ეძებდნენ, რის გამოც მომენტები პრაქტიკულად არ გვინახავს. მეორე ნახევარში თამაშის სცენარი შეიცვალა. 58-ე წუთზე, „დინამო ბათუმს“ ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ მამუჩაშვილის საჯარიმო ლუკა კუტალაძემ მოიგერია. რამდენიმე წამში შანსი ჯამბულ ჯიღაურს მიეცა. რადინის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, ჯიღაურს ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი მომენტი გაანიავა.

62-ე წუთზე, თავიანთი შანსი მასპინძლებმა ვერ გამოიყენეს. ანტილევსკის ჩაწოდების შემდეგ, უსმანე კამარა ცარიელ კართან დარჩა და „დინამო ბათუმი“ სასწაულმა იხსნა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 69-ე წუთზე მაინც დაწინაურდა. ნიკა მალის გადაცემით დავით სხირტლაძემ ისარგებლა და აჭარლები დაამწუხრა.

78-ე წუთზე, ისტორიული მომენტი ვიხილეთ. ბარნს ოსეიმ მეტოქის წინააღმდეგ იუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა მომენტის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, კვირიკაშვილმა მას წითელი ბარათი უჩვენა. 10 კაცით დარჩენილმა „დინამო თბილისმა“ მიზანს მიაღწია და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა აიღო.

ამრიგად, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას ახალი ლიდერი ჰყავს. „დინამო თბილისმა“ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, პირველი ადგილი დაისაკუთრა და 63 ქულა აქვს. ჭიაბრიშვილის გუნდი „დინამო ბათუმს“ 2 ქულით უსწრებს და მომდევნო მატჩი ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები