„წარმატების საფუძველი დაცვის ხაზია“ - ვაისმა კაშია შეაქო
UEFA-ს კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ბაზელი“ შინ ბრატისლავას „სლოვანთან“ 0:2 დამარცხდა. გამარჯვების შემდეგ „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ხაზი გუნდის დაცვითი ხაზის საიმედო თამაშს გაუსვა.
„თავს კარგად ვიცავდით, მეტოქეს რეალური მომენტების შექმნის საშუალება არ მივეცით. წარმატების საფუძველი ყოველთვის კარგი დაცვითი ხაზია. გურამ კაშია და ვერნონ დე მარკო ცენტრში კარგად მოქმედებდნენ. ზოგადად, მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა. „ჩაკვემ“ და ჩავრიჩმა უამრავი სპრინტი შეასრულეს და ამ მშვენიერი გოლით ბედნიერი ვარ“.
Sofascore-მა კონფერენს ლიგის მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში გურამ კაშია შეიყვანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა „ბაზელთან“ შეხვედრაში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და სიმბოლურ გუნდში შეყვანა მოსალოდნელი იყო. გარდა ამისა, ორივე გოლისას გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე პასი შეასრულა.
„ბაზელის“ წინააღმდეგ ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ 90 წუთი ითამაშეს, ხოლო ჩაკვეტაძემ მინდორი 59-ე წუთზე დატოვა.
3 ტურის შემდეგ „ბაზელი“ და „პიუნიკი“ 6-6 ქულით პირველ ადგილზე არიან. „სლოვანის“ ანგარიშზე 4 ქულაა. „ჟალგირისი“ 1 ქულით აუტსაიდერია.
მე-4 ტურში „სლოვანი“ „ბაზელს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 13 ოქტომბერს გაიმართება.