„არ ველოდი, თუ ვარსკვლავი ასე სწრაფად გახდებოდა“ - შალამბერიძე ხვიჩაზე
საფეხბურთო სპეციალისტი თემურ შალამბერიძე იტალიურ გამოცემა ilmattino-ს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ესაუბრა. გამოცდილ ქართველ სპეციალისტს სკაუტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ხვიჩა კვარაცხელიას თბილისის „დინამოს“ აკადემიაში გადასვლა მის სახელთანაა დაკავშირებული ასევე, „საბურთალოს“ მოქმედი მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ ხვიჩა მისთვის იდეალურ გუნდში თამაშობს.
თემურ შალამბერიძე:„როცა მისი თამაში პირველად ვნახე, უმალ თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტთან წავედი. თბილისის „დინამოს“ მისი გადმოყვანა ძალიან ძვირი დაუჯდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება სწორი იყო. კლუბი ანალოგიურად მოიქცა გიორგი ჩაკვეტაძის შემთხვევაში და ეს გადაწყვეტილებაც გამართლებული აღმოჩნდა.
ხვიჩა „დინამოს“ აკადემიაში მოვიყვანეთ და მალე მისი მამა სამუშაოდ აზერბაიჯანში წავიდა. ფაქტობრივად, ხვიჩა მარტო დარჩა და ყველაფერს აკადემიაში სწავლობდა. მას ყველა ეხმარებოდა. მნიშვნელოვანი იყო გარანტირებული ეკონომიკური სტაბილურობა, დღეში 4-ჯერ კვება, დიეტოლოგთან სიარული, ვინც ფეხბურთელის კვებასა და ზრდაზე ზრუნავს.
ვფიქრობდი, რომ ხვიჩა ვარსკვლავი გახდებოდა, მაგრამ ვაღიარებ, რომ არ ველოდი თუ ეს ასე სწრაფად მოხდებოდა.
მისი გადაბირება არაერთ ევროპულ კლუბს სურდა, თუმცა „ნაპოლიში“ გადასვლა იდეალური არჩევანია, რადგან საუკეთესო თვისებების დახვეწისთვის შესანიშნავ გარემოში მოხვდა“.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 11 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსის“ წინააღმდეგ ითამაშა და თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა. გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში 2 პენალტი გამოიმუშავა, „მილანთან“ „სან სიროზე'' და „რეინჯერსთან“ „აიბროქსზე“.
ასევე აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა იტალიის ჩემპიონატის აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, რაც ნეაპოლური კლუბის ახალწვეულისთვის დიდი აღიარება იყო.
8 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ და „ატალანტა“ 20-20 ქულით სერია ა-ს ლიდერობენ. 20-გუნდიან ჩემპიონატში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ 3 ქულით მე-19 ადგილზეა.
მე-9 ტურში „კრემონეზე“ - „ნაპოლის“ შეხვედრა 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.